"სამართლიანი არჩევნები": კონსტიტუცია ორმაგი მოქალაქეობის პირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ უკრძალავს

ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ უკრძალავს. 

ამის შესახებ 27 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებულ შუალედურ დასკვნაშია აღნიშნული, სადაც ცესკოს მიერ შესაბამისი საკონსტიტუციო ნორმის არასწორ ინტერპრეტაციაზეა საუბარი.

"სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია არ უკრძალავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს უფლებას, კანდიდატის სტატუსით მონაწილეობა მიიღონ და არჩეულ იყვნენ საპრეზიდენტო არჩევნებში. მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური ნორმები ამ მხრივ, გარკვეულწილად, ნათლად არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა, მათი არა ფრაგმენტული, არამედ ერთობლივი, კომპლექსური განმარტებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ორმაგი მოქალაქოებს მქონე პირთა კანდიდატად დარეგისტრირებაზე განცხადების მიღებაზე უარის თქმით, კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა", - ნათქვამია შუალედურ დასკვნაში.