"სამართლიანი არჩევნები" მარგველაშვილს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს

27 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები დაფიქსირდა. ამის თაობაზე საუბარია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ მომზადებულ შუალედურ დასკვნაში, სადაც რამდენიმე ასეთ კონკრეტულ შემთხვევაზეა ყურადღება გამახვილებული. 

კერძოდ, დასკვნაში ნათქვამია, რომ არჩევნების დანიშვნის შემდგომ, აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ბიუჯეტიდან 13 მილიონ 555 ათას 400 ლარი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად გამოყო. "სამართლიანი არჩევნები" აცხადებს, რომ უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგოა, რადგან "საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია საბიუჯეტო პროგრამების ზრდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "სამართლიანმა არჩევნებმა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" საბიუჯეტო ცვლილების შეჩერების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.

გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა შემთხვევას, როცა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც მისი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა მოხდა და სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა.

"პარლამენტის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების წესის გამკაცრების ფონზე, მაშინ, როდესაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის თანახმადაც, ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძებებზე იკრძალება აგიტაცია, საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ სახელმწიფო ღონისძიებებზე დასწრება ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ პოზიციას თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია შუალედურ დასკვნაში.

დასკვნის მიხედვით, ასევე, გამოვლინდა არაუფლებამოსილი პირების მიერ აგიტაციის გაწევის შემთხვევა. კერძოდ, საქველმოქმედო ორგანიზაციამ "ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" საარჩევნო კოდექსის დარღვევით კოალიცია "ქართული ოცნების" აგიტაცია გასწია. ორგანიზაციამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საჩუქრად ეტლები გადასცა. საქველმოქმედო ორგანიზაციამ საზოგადოებას ინფორმაცია "ქართული ოცნების" ოზურგეთის შტაბიდან მიაწოდა და გაწეული დახმარებისათვის პარტიას მადლობა გადაუხადა. აღნიშნული ქმედებით ორგანიზაციამ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა კანონის დარღვევით მიიღო.