ჩვენ ვაშენებთ არმიას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, ყველა გამოწვევას ადეკვატური პასუხი გასცეს

ჩვენ ვაშენებთ არმიას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, ყველა გამოწვევას ადეკვატური პასუხი გასცეს

საგურამოში სერჟანტთა მომზადების სკოლაში მეთაურობის გადაბარების ცერემონიალი მიმდინარეობს. ცერემონია თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გახსნა. 

"მინდა განსაკუთრებულად მოგესალმოთ სერჟანტთა სკოლის წარმომადგენლებს, დღევანდელი დღე ნიშანდობლივია იმით, რომ სკოლის მეთაური იცვლება. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სერჟანტების მომზადების კუთხით ბოლო წლებში. კორპუსი, რომელიც შეიქმნა სერჟანტებით, ეს არის ჩვენი შეარაღებული ძალების ხერხემალი, სწორედ თქვენზეა დამოკიდებული რამდენად გაწვრთნილი, მობილიზებული იქნება ჩვენი არმია, აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ,თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ თქვენ შეგიქმნათ შესაბამისი პირობები. დღევანდელი დღე ნიშანდობლივია იმითაც, რომ ხუთი წელი გავიდა ტრაგიკული მოვლენებიდან, როდესაც რუსეთმა აწარმოვა აგრესიული ომი საქართველოს წინაღმდეგ. სწორედ Dდღეს სიმბოლურია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მომავლის განვითარებაზე, რომ მიუხედავად იმ დიდი დარტყმისა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობამ ხუთი წლის წინ მიიღო, მაინც ვდგებით ფეხზე და ვაშენებთ თავდაცვის სისტემას, არმიას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება ყველა გამოწვევას გასცეს ადეკვატური პასუხი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

სერჟანტთა სასწავლებელს დღეიდან მაიორი ლაშა დავითაძე უხელმძღვანელებს. ის მაიორ ზურაბ ხვიჩიას ჩაანაცვლებს. მეთაურობის გადაბარების ცერემონიალი საგურამოს სამხედრო ბაზის სამწყობორ მოედანზე გაიმართა.

ცერემონიას თავდაცვის მინისტრთან ერთად ასევე ესწრებოდა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა.

სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს გორში ჩამოყალიბდა. თავდაპირველად სკოლაში მხოლოდ ერთი სასწავლო კურსი იყო. 2005 წლიდან იგი ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისს" დაექვემდებარა, ამჟამად კი ექვემდებარება გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას. 2006 წლიდან სერჟანტთა მომზადების სკოლაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის ჰამელ ბურგის ქვეითთა სკოლას შორის გაფორმდა ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ, რომელიც დღემდე გრძელდება.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით, დაბა კოჯორში სერჟანტთა სკოლისთვის ახალი მომზადების ცენტრი იქმნება და სერჟანტთა სასწავლებელს კოჯორში უკეთესი პირობები ექნება სასწავლებლად.