გიორგი გვიჩიანი უფლებადამცველებს მიმართავს

გიორგი გვიჩიანი უფლებადამცველებს მიმართავს

უვადო პატიმრობაში მყოფი გიორგი გვიჩიანი სახალხო დამცველს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, არასამთავრებო უფლებადამცველ ორგანიზაციებს და ყველა საინფორმაციო საშუალების ხელმძღვანელს მიმართავს, რათა სასამართლო პროცესზე მიავლინონ წარმომადგენლები და განახორციელონ მონიტორინგი. 

გვიჩიანის მიმართვას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"2006 წლის 7 მარტიდან, შეთითხნილი ბრალდებით, ვიმყოფები უკანონო პატიმრობაში. ე. წ. სასამართლო განხილვა ჩატარებული იქნა საპროცესო ნორმების უპრეცედენტო დარღვევებით. უკანონო და აბსურდული განაჩენით, მოსჯილი მაქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად იქნა ცნობილი ჩემი შუამდგომლობა, ახლადგამოვლენილი გარემოების გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. პროცესი დანიშნულია 2013 წლის 10 სექტემბერს 12 საათზე. მიუხედავად იმისა, რომ ვარ უდანაშაულო ჩემს მიზანს არ წარმოადგენს ნებისმიერ ფასად პატიმრობიდან თავის დაღწევა, ჩემი მიზანია სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა, რათა საზოგადოების არც ერთ წევრს, პირველ რიგში დაზარალებულებს აღარ დარჩეთ არც ერთი კითხვა. მე მოვუწოდე დაზარალებულს, ბატონ ნოდარ ლომინაძეს, აეყვანა ადვოკატი, თვითონაც გაცნობოდა საქმის მასალებს და აქტიური მონაწილეობა მიეღო განაჩენის გადასინჯვის პროცესში. სამწუხაროდ, მან ჩემი მოწოდება შეურაცხყოფად და ჭკუის დარიგებად შეაფასა, რისი განზრახვაც არ მქონია. გამომდინარე იქიდან, რომ იგი არ იცნობს საქმის მასალებს, შეცდომაშია შეყვანილი და თავისდაუნებურად შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

გულისტკივილით მინდა ავღნიშნო, რომ ნიკოლოზ ლომინაძის საქმე გაუხსნელია და შესაბამისად დამნაშავეები დღემდე დაუსჯელები არიან, რასაც თავისდაუნებურად ხელს უწყობს დაზარალებული მხარის პოზიცია.

თხოვნით მივმართავ სახალხო დამცველს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, არასამთავრებო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მოავლინონ წარმომადგენლები პროცესზე და განახორციელონ მონიტორინგი.

ასევე თხოვნით მივმართავ ყველა საინფორმაციო საშუალების ხელმძღვანელს, მოავლინონ ჟურნალისტები სასამართლო პროცესზე, რათა საქმის განხილვა მოხდეს გამჭირვალედ და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იყოს საქმის ყველა გარემოება. 10 სექტემბერს კი დარწმუნებული ვარ სამართალი აღსრულდება," – აღნიშნულია მიმართვაში.