"ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტები" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართავენ

"ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტები" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართავენ, რომ მიეცეთ საშუალება აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობის პროცესში. ამის შესახებ ნათქვამია "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის" განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, 2013 წლის 1 მარტს საქართველოს მთავრობის #223 განკარგულებით, დამტკიცდა სტრატეგია სათაურით- "საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისათვის".

"ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის ახლებურად ჩამოყალიბებას, დადებითი ნაბიჯია, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში თუ საკანონმდებლო დონეზე არ მოხდება წარმოდგენილი პრინციპების სწორად ასახვა, კვლავ იარსებებს საშიშროება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტი ვერ შეძლებს თავისი რეალური ფუნქციის შესრულებას და ისევ დარჩება ცენტრალური ხელისუფლებისგან მართულ ორგანოდ. წლების განმავლობაში სახელმწიფოში ჩამოყალიბებული პრაქტიკა, განსხვავდება ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის იდეისგან, ადგილობრივი თვითმმართველობა თავისი შინაარით ემსახურება აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, ხელისუფლების ეფექტურ განხორციელებასა და თითოეული მოქალაქის მიერ მართვაში უშუალო მონაწილეობას.

"საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" წლების განმავლობაში იკვლევს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ინსტიტუტების, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტთან დაკავშირებულ სამართლებრივ პრობლემებს ,"- აღნიშნულია განცხადებაში.

ასოციაცია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი პრინციპების კანონმდებლობაში სწორად ასახვაც კი არ იძლევა პრობლემის გადაჭრის საშუალებას,საჭიროა რეფორმის შემდგომ თითოეული მოქალაქის ინფორმირება, მათთვის გაცნობა იმ უფლებებისა რაც დაკავშირებულია ადილობრივი თვითმართველობის განხორციელებასთან. ორგანიზაცია მიმდინარე სამართლებრვი რეფორმის ფარგლებში, გეგმავს მონაწილეობა მიიღოს წარმოდგენილი კანონპროექტის სიღრმისეულად შესწავლასა და დახვეწაში.

"ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტები" მიმართავენ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომ მიეცეთ საშუალება აქტიურად ჩაერთონ რეფორმის მიმდინარეობის პროცესში და მიიღონ მონაწილეობა სპეციალურად ამისთვის შექმნილი კომისიის საქმიანობაში.

ასოციაცია მოუწოდებს არასამთავრობო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას, წარმოდგენილი ინიციატივის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აქტიურად ჩაერთოს სტრატეგიის განხილვასა და შემუშავებაში, ვინაიდან, რეფორმის განხორციელების შემდგომ აღნიშნული სტრატეგიის კანონმდებლობაში ასახვას შეუძლია საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღებაზე მოახდინოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა.

"ვიმედოვნებთ, რომ მოსალოდნელი რეფორმა ერთხელ და სამუდამოდ სახელმწიფოში დაამკვიდრებს რეალურ თვითმმართველობას", -ნათქვამია განცხადებაში.