"ტრაქტორების საქმე": დარბაზიდან გათავისუფლებული პატიმრები და საქმიდან ამოღებული მტკიცებულებები

"დიდი მადლობა ჟურნალისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს თქვენი დიდი ინტერესის გამო ამ საქმის მიმართ. თქვენი ეს თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩვენთვის. 
საქმე თვითონ აბსურდულია... ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, სასამართლო დაადგენს სიმართლეს.

ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, ახლა ამაზე არ მინდა საუბარი. ყველაფერს სასამართლოზე ვიტყვი" - განაცხადა გირაოთი გამოშვებულმა ვაჟა ნახუცრიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ეწ."ტრაქტორების საქმეზე" პატიმრობაში მყოფი კიდევ ორი პირის, ვაჟა ნახუცრიშვილისა და გივი ქაიხოსროშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. შესაბამისი განცხადებით პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება სთხოვა.გირაოს სანაცვლოდ პროკურატურამ 15 000 ლარი მოითხოვა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ოღონდ ცვლილებით და 15 000 გირაოს ნაცვლად, თანხის ოდენობად 10 000 ლარი განსაზღვრა.

გუშინ გამართულ პროცესზე სასამართლომ მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომელიც საქმეში იდო.

"ზეტორის" ფირმის კატალოგი, რომელიც ბრალდების მხარეს მტკიცებულებად ჰქონდა ჩადებული, მოსამართლე ჯორბენაძემ დაუშვებლად სცნო. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ "კატალოგი" არასამართალწარმოების ენაზე იყო წარდგენილი. შეგახსენებთ, რომ "ზეტორი" სწორედ ის ფირმაა, რომლის გამოც პროკურატურა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ედავება, თითქოს ტენდერი სპეციალურად ამ ფირმის მონაცემებს და კლასიფიკაციას მოარგეს.

ამავე პროცესზე დაცვის მხარემ და ბრალდებულებმა უარი განაცხადეს, რომ საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ.

შემდეგი პროცესი 21 აგვისტოსაა ჩანიშნული