სახალხო დამცველი ე.წ. ტრაქტორების საქმეს სწავლობს

სახალხო დამცველი ე.წ. ტრაქტორების საქმეს სწავლობს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი შპს "მექანიზატორის" თანამშრომლებისა და ექსპერტთა მხრიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ტრაქტორების შეძენისას შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულთა უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებს სწავლობს. 

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ჯერ კიდევ 2013 წლის მაისში მოინახულეს სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულები.

"ბრალდებულთა ახსნა-განმარტებები, რომლებიც მათ მიმართ პოლიციელებისა და პროკურორების მხრიდან განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე მიუთითებდა, რეაგირებისათვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა. თუმცა, პროკურატურისგან პასუხი დროულად არ მიუღია.

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა - მამუკა ივანიაძემ, საჯაროდ განაცხადა აღიარებითი ჩვენების მისაღებად პროკურორების მხრიდან იძულებისა და ზეწოლის შესახებ, სახალხო დამცველმა განმეორებით მიმართა მთავარ პროკურატურას და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდება მოითხოვა.

2013 წლის 29 ივლისს სახალხო დამცველს მთავარი პროკურატურიდან შეატყობინეს, რომ მთავარი პროკურატურის საპროკურატურო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ შეისწავლა ბრალდებულთა ახსნა-განმარტებები და მათ მიმართ ზეწოლის განხორციელების ფაქტი არ დადასტურდა. იმავე წერილში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების შესწავლის მიზნით, მასალები გადაგზავნილი იქნა საქართველოს შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 2013 წლის 22 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამუკა ივანიაძის მიერ 2013 წლის 11 ივლისს საჯაროდ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჩატარდა გამოძიება, საქართველოს სს კოდექსის 335-ე მუხლით (განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება) გათვალისწინებული დანაშაულის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე, თუმცა, სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა მამუკა ივანიაძის მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტი ვერ დაადგინა. აღნიშნულის დასადასტურებლად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა ივანიაძის მიერ ჩვენების მიცემის პროცესის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერთან დაკავშირებით არსებობს ლეგიტიმური კითხვები (იყო თუ არა მ. ივანიაძე ინფორმირებული მისი ახსნა-განმარტების ჩაწერის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, არსებობდა თუ არა მისი თანხმობა, ვიდეო ჩანაწერის გაკეთების თარიღი, დრო, ადგილი და სხვა), რასაც მთავარი პროკურატურის მიერ ა/წ 24 ივლისს გაკეთებული განცხადება დამაჯერებელ პასუხს ვერ სცემს.

სახალხო დამცველმა მთავარი პროკურატურიდან გამოითხოვა სს კოდექსის 335-ე მუხლით ჩატარებული სისხლის სამართლის საქმის მასალების სრული ასლები, რისი სრულყოფილად შესწავლის შემდეგ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

საქართველოს სახალხო დამცველის წამომადგენლები, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომებსაც დაესწრნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ შუამდგომლობას, პატიმრობაში დარჩენილი ორი ბრალდებულისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლისა და პატიმრობიდან მათი გათავისუფლების შესახებ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სს საქმეზე ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად შეკრების შემდეგ, არ არსებობდა ბრალდებული პირების პატიმრობაში დატოვების საფუძველი.

საქართველოს სახალხო დამცველი ასევე ყურადღებას ამახვილებს, დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას, დაცვის მხარისათვის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობასა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების მიღებაში ხელის შეშლის ფაქტს შეეხება. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს დაცვის მხარისათვის საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს, რომლის დაცვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ეტაპიდან იწყება. სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ზემოხსენებული ფუნდამენტური უფლების განხორციელების გაუმართლებელი შეზღუდვა სს საქმის მიმართ ობიექტურ კითხვებს აჩენს და მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანეს პრინციპს - მხარეთა შეჯიბრებითობას ლახავს.

საქართველოს სახალხო დამცველი პატივს სცემს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სასამართლო ხელისუფლებისა და კონკრეტული მოსამართლის დამოუკიდებლობის პრინციპს და ამ ეტაპზე თავს იკავებს სისხლის სამართლის საქმეზე დამატებითი რაიმე დასკვნების გაკეთებისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სახალხო დამცველის აპარატი შპს "მექანიზატორის" სისხლის სამართლის საქმეზე მონიტორინგს და ბრალდებულთა უფლებების შესაძლო დარღვევის საკითხის შესწავლას აგრძელებს.