საარჩევნოდ საბიუჯეტო თანხებისა და თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებაზე ახალი აკრძალვები ამოქმედდა

საარჩევნოდ საბიუჯეტო თანხებისა და თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებაზე ახალი აკრძალვები ამოქმედდა

არჩევნების დროს საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებასთან დაკავშირებით ახალი აკრძალვები ამოქმედდა. ამ მიმართულებით საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაახლოები ორი კვირის წინ მიიღო, უკვე ძალაშია. 

არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვასთან დაკავშირებით ახლა უკვე შემდეგი ნორმები მოქმედებს: წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოში თანამდებობა უკავია, რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება ეკრძალება. ამ შემთხვევაში აკრძალვა გულისხმობს: სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც კანდიდატის წარდგენას და არჩევას უწყობს ხელს; სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას; წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამუშაო საათების განმავლობაში ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.

ამასთან, არჩევნებამდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით იკრძალება ისეთი პროექტების, პროგრამების განხორციელება, რომლებიც ბიუჯეტში მანამდე გათვალისწინებული და გაწერილი არ იყო. ასეთი აკრძალვა ვრცელდება სოციალური პროგრამების - პენსიის, დახმარებების, შემწეობების ზრდაზე და აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს შესაძლებლობა ეძლევა სასამართლოს მიმართოს და ხარჯების შეჩერება მოითხოვოს.

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ასევე აკრძალულია სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო ან აუდიო მასალის დამზადება, ვებ-გვერდის შექმნა, სადაც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი, პოლიტიკური პარტია, მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, ან თუ შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის საწინააღმდეგო ინფორმაციას. ამავე პერიოდში აკრძალულია ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის გამოყენება.

გარდა ამისა, საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე, აკრძალულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება.