10 აგვისტოს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

10 აგვისტოს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

შაბათს, 10 აგვისტოს, დილის 08.00 საათიდან 10.00 საათამდე, 500 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზზე "იმერეთი 2" სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო , ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და დედაქალაქის ცალკეულ უბნებს ელექტროენერგიის მიწოდება ორი საათით შეეზღუდება.

ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ელოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ზამთრის პერიოდის მზადებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებზე გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები.

"აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებლობას წარმოადგენს "იმერეთი"-ის გამორთვა" , - აღნიშნა ელოშვილმა.

მისივე განცხადებით, სამუშაოებს აწარმოებენ "საქგრუზენერგოს" ტექნიკური ბრიგადები.

"ხაზის გამორთვის რეჟიმის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, განხორციელდეს აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილის - მცხეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, გურჯანიისა და თელავის რაიონების, თბილისის ცალკეული უბნების - გლდანის, მუხიანის, ვარკეთილის და თემქის შეზღუდვა," - აღნიშნა ილია ელოშვილმა.