ყოფილი კუდ-ელები და სოდ-ელები - თავდაცვის სამინისტროში

ყოფილი კუდ-ელები და სოდ-ელები - თავდაცვის სამინისტროში

"თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა "რეზონანსთან" საუბრისას თქვა, რომ თეთრაძის საქმეში მონაწილე პირები სამინისტროში დღესაც მაღალ თანამდებობებზე არიან, რაც მისი თქმით, უწყებაში ხელმძღვანელობის მიმართ უნდობლობას აღვივებს. სამინისტროს პრესსამსახური საკადრო საკითხებთან დაკავშირებით პასუხის გაცემისთვის რედაქციის ოფიციალურ წერილს ითხოვს. თუმცა, ვიდრე ოფიციალურად მივიღებთ პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ იგივე თეთრაძის საქმეში მონაწილე პირები, რომელთა დასჯას თავის დროზე თავად ირაკლი ალასანია ითხოვდა და მისი პარტია ამ მოთხოვნით აქციებსაც კი მართავდა, დღეს თავდაცვის უწყებაში რა თანამდებობებს იკავებენ, პრობლემა, როგორც ამ უწყების თანამშრომლები პირად საუბრებში ამბობენ, სულ უფრო მწვავე ფორმებს იღებს და საკადრო პოლიტიკა ამის მხოლოდ ერთი მხარეა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ყოფილი კუდ-ელები და სოდ-ელები - თავდაცვის სამინისტროში".

"ის, რომ თავდაცვის სამინისტროში გაურკვეველი საკადრო პოლიტიკა ხორციელდება, ახალი არ არის და ამაზე პერიოდულად კეთდება განცხადებებიც და შეფასებებიც. ამ შემთხვევაში კი უკვე კომპლექსურ პრობლემებზეა საუბარი, სადაც საკადრო პოლიტიკას მაინც მთავარი ადგილი უკავია, რადგან, ცხადია, რომ ნებისმიერი პოლიტიკის გატარება კადრებზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ექსპერტები ამ ყველაფერში ალასანიას წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ხედავენ. აქედან პირველი არის საკადრო პოლიტიკა. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის უწყებაში საკადრო პოლიტიკა მუდმივად პოლიტიკური დავის საგანს წარმოადგენდა. მაგრამ წინა ხელისუფლების დროს მთავარი პრობლემა ის იყო, რომ კადრების შერჩევა პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე ხდებოდა. ახლა კი, როგორც ექსპერტები ამბობენ, საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით ორი პრობლემაა - ერთი არაკვალიფიციურობა და მეორე, ინფორმაციის ნაკლებობა, რაც ამძაფრებს იმ ეჭვს, რომ კადრების შერჩევა არასწორად ხდება."