კომპანია

კომპანია "ადითის" კლინიკების თანამშრომლები აქციებს გამართავენ

საქართველოს ექვს ქალაქში კომპანია "ადითის" კლინიკების თანამშრომლები აქციებს გამართავენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, 9 აგვისტოს, 12:00 საათზე, კომპანია "ადითის" მფლობელობაში მყოფი სამკურნალო დაწესებულებების თანამშრომლები საპროტესტო აქციებს საქართველოს ექვს ქალაქში, "ადითის" კლინიკებთან გამართავენ.
საპროტესტო გამოსვლა ოზურგეთში, ჩოხატაურში, ვანში, ლენტეხში, ქარელსა და დედოფლისწყაროში გაიმართება.

საპროტესტო აქციას კოორდინირებას უწევს საქართველოს მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირი.

როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, აქციის მიზეზი რამდენიმეა. მათ შორის ის, რომ სამედიცინო კომპანია "ადითის" მფლობელობაში მყოფ სამკურნალო დაწესებულებათა თანამშრომლებს თებერვლის შემდეგ არ აუღიათ კუთვნილი ხელფასები, რის გამოც მათი ისედაც არასახარბიელო მატერიალური მდგომარეობა უკიდურესად გაუსაძლისი გახდა.

"ყოველივე ეს გამოწვეულია იმით, რომ სადაზღვევო კომპანიები უარს აცხადებენ კომპანია "ადითს" გადაურიცხონ გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის ასანაზღაურებელი თანხები. ამის მიზეზს სადაზღვევო კომპანიებში არ ასახელებენ",-აცხადებენ მედიკოსთა პროფკავშირებში.