სასამართლომ ე.წ ტრაქტორების საქმეზე დაკავებული ორი პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა

სასამართლომ ე.წ ტრაქტორების საქმეზე დაკავებული ორი პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ ტრაქტორების საქმეზე დაკავებული ორი პირი დარბაზიდან გაათავისუფლა. გივი ქაიხოსროშვილისა და ვაჟა ნახუცრიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. სასამართლომ ორივე პირს 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

გათავისუფლებულების განცხადებით, მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ვაჟა ნახუცრიშვილის თქმით, ბრალდება აბსურდულია და მას იმედი აქვს, რომ არსებითი განხილვისას სასამართლო სიმართლეს დაადგენს. მისივე განცხადებით, ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ქონია, თუმცა ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო. ქაიხოსროშვილი კი დარწმუნებულია, რომ სასამართლო მათ გაამართლებს.

"ჩემი ყოველი დღე საპატიმროში იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, განსაკუთრებული არაფერი არ ყოფილა", - განაცხადა ქაიხოსროშვილმა.

სასამართლოს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა დაცვის მხარემაც. "სასამართლომ მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. პრაქტიკულად, დამტკიცებულ იქნა დაცვის მხარის ყველა მტკიცებულება. გარდა ამისა, სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებულ მამუკა ივანიაძის ჩვენება არ გამოქვეყნდება და მტკიცებულების ხასიათი არ ექნება. ამავე დროს გაათავისუფლა ორი პირი", - განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.