მიხეილ სააკაშვილი - ომის შესახებ პირველად 2006 წელს რუსეთის მაღალი თანამდებობის პირმა გამაფრთხილა

მიხეილ სააკაშვილი - ომის შესახებ პირველად 2006 წელს რუსეთის მაღალი თანამდებობის პირმა გამაფრთხილა

ომის შესახებ პირველად, 2006 წელს გამაფრთხილა რუსეთის მაღალი თანამდებობის პირმა და მითხრა, რომ პუტინს უნდოდა ომი, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე განვითარებული მოვლენები გაიხსენა და განაცხადა, რომ რუსეთს სამი მიზანი ქონდა.
"ფართომასშტაბიანი ინტერვენცია იყო დაწყებული. 8 აგვისტოს რა ინფორმაციაც მოგვცეს ჩვენი მეგობარი ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა, მიზანი იყო ქართული ხელმძღვანელობის განადგურება, საქართველოს ჯარის განადგურება მთლიანად და თბილისზე წამოსვლა. კონდოლიზა რაისს უთხრა ლავროვმა პირდაპირ სატელეფონო საუბარში, რომ მიზანი იყო სააკაშვილის მოშორება და საქართველოს სრული განადგურება. ტაფტი, ამერიკის ელჩი ძალიან გაბედული კაცია, ჩემთან რომ მოვიდა ამის სათქმელად, ხელები უკანკალებდა. ომის შესახებ პირველად გამაფრთხილა 2006 წელს რუსეთის მაღალი თანამდებობის პირმა და თქვა, რომ პუტინს უნდა ომი, ემზადება ომისთვის, გიჟიაო. მას უცხოეთში შევხვდი", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა დღეს ბუქარესტის სამიტიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტიდან ის ცუდ ხასიათზე გამოვიდა, თუმცა ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის თხოვნით სამიტს წარმატებულად აფასებდა.

"იყო ხალხი ვისთვისაც საქართველო თავის ტკივილი იყო და ეს გამოჩნდა ბუქარესტის სამიტზე. ყველამ რომ მიგვატოვა, მათ შორის ამერიკამაც, და თქვა კაი გადავდოთო, კაჩინსკიმ და ადამკუსმა თქვეს, რომ ყველაფერს ჩავშლითო, სანამ არ ჩაწერთ, რომ საქართველოს უნდა გახდეს ნატო-ს წევრიო. ბუქარესტის სამიტიდან გამოვედი ძალიან ცუდ ხასიათზე. როცა სამიტიდან გამოვედი, ბუშმა მითხრა, მოდი ახლა გადი და თქვი, რომ ბუქარესტში იყო წარმატება, რაც ნაწილობრივ მართალი იყო. თავისთავად ჩანაწერი იყო წარმატებული. წარუმატებლობა სხვა რაღაც იყო - ის, რომ დაფიქსირდა, რომ ამაზე იყო ჩხუბი. მე ვუთხარი, რომ კარგი ძვირფასო ჯორჯ, ამას ვიტყვი, მაგრამ, რომ ჩახვალ აქედან სოჩაში, სადაც პუტინის დასაწყნარებლად ჩადიოდა, ძალიან გთხოვ, როცა პრესკონფერენციაზე გახვალ, ხელი გაიშვირე მარცხნივ ზღვისკენ და თქვი, რომ აგერ არის აფხაზეთი, საქართველო და საქართველო არის ხელშეუხებელი. ხომ არავინ არ გცემს, ერთი ფრაზაა-მეთქი, კი ვიტყვიო. მერე მე ველაპარაკე ადამიანებს, რომლებიც იყვნენ იმ შეხვედრაზე. პუტინმა ღიად ილაპარაკა, რომ იქნება ომი. ჩანაწერებიც არსებობს და ვიცნობ იმ ხალხს, ვინც ეს ჩანაწერები ნახა, ოქმები ხომ არის, ბუშმა პრაქტიკულად არაფერი უპასუხა", - განაცხადა სააკაშვილმა.