მიხეილ სააკაშვილი - ერთ-ერთი ფაქტორი რის გამოც თბილისი არ დაეცა, იყო ის, რომ მთავრობა სრული შემადგენლობით ადგილზე იყო

მიხეილ სააკაშვილი - ერთ-ერთი ფაქტორი რის გამოც თბილისი არ დაეცა, იყო ის, რომ მთავრობა სრული შემადგენლობით ადგილზე იყო

პირველი, რაც ამერიკელებმა შემომთავაზეს, როცა თეთრ სახლში შეიკრიბნენ, იყო ის, რომ ჩვენს სამხედრო დესანტს გადავსხამთ, სააკაშვილს ჩავისვამთ და რაც იქნება, იქნებაო, - ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ამერიკელებმა ამ შეთავაზებაზე უარი მიიღეს. მიხეილ სააკაშვილმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რომელმაც რუსულ ჯარებს თბილისის აღებაში ხელი შეუშალა.

"თბილისის აღება შეაჩერა იმან, რომ ჩვენმა ჯარებმა მოგვაგებინა რამდენიმე დღე და სარკოზის მოლაპარაკებამ მოგვაგებინა რამდენიმე დღე. შემდეგ შეიკრიბნენ ამერიკელები, ისინი ეძებდნენ სხვადასხვა გამოსავალს. პირველი, რაც ამერიკელებმა შემომთავაზეს, როცა თეთარ სახლში შეიკრიბნენ, ის იყო, რომ ჩვენს სამხედრო დესანტს გადავსხამთ, სააკაშვილს ჩავისვამთ და რაც იქნება, იქნებაო. ეს იყო პირველი შემოთავაზება, რაზეც ცივი უარი მიიღეს. რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ბუშთან ჩემი რამდენიმე მძიმე და დაძაბული საუბრის შემდეგ მოიფიქრეს, რომ დაეძრათ მეექვსე ფლოტი, რომლის ფლაგმანსაც ჰქონდა საკმარისი რაკეტები რომ წარმოუდგენელი ზიანი მიეყენებინა რუსეთის ყველა შეიარაღებული კომპონენტისთვის, ბაზა თურქეთში მოეყვანათ სრულ მზადყოფნაში და ასევე პატრულირება საქრთველოს საზღვრების გასწვრივ, - ამან გააჩერა", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთი ფაქტორი რის გამოც თბილისი არ დაეცა, იყო ის, რომ მთავრობა სრული შემადგენლობით ადგილზე იყო. სააკაშვილმა დღეს სრული სისულელე უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მისი მთავრობის წევრები ომის დროს საქართველოდან გარბოდნენ.

"როცა ომი დაიწყო, ჩემი მთავრობის წევრების უმეტესობა უცხოეთში იმყოფებოდა და ყველა დაბრუნდა უკან. ვინც მოასწრო - თვითმფრინავით, ზოგი მანქანით, ზოგი ფეხით. გარდა იმისა, ვინც ჩვენ გავაგზავნეთ, ფული იყო გადმოსარიცხი, საწვავი იყო გადმოსატანი მეზობელი ქვეყნებიდან. ერთ-ერთი ფაქტორი რატომაც თბილისი არ დაეცა, იყო ის, რომ მთავრობა სრულ შემადგენლობით ადგილზე იყო, რამდენადაც მახსოვს ხეთაგური გავაგზავნეთ საწვავისთვის და ფულისთვის ", - განაცხადა პრეზიდენტმა.