მიხეილ სააკაშვილი - ზღაპრები, რომ უგულავა იღებდა გადაწყვეტილებებს, სრული სისულელეა

მიხეილ სააკაშვილი - ზღაპრები, რომ უგულავა იღებდა გადაწყვეტილებებს, სრული სისულელეა

ზღაპრები, რომ უგულავა იღებდა გადაწყვეტილებებს, არის სრული სისულელე, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. პრეზიდენტის მტკიცებით, აგვისტოს ომის დროს გადაწყვეტილებებს იღებდნენ ოფიცრები და შეიარაღებული ძალები და იქ ჩარევა შეუძლებელი იყო.

"მთელი ეს ზღაპრები, რომ იქ ვიღაცა დარბოდა და უგულავა იღებდა გადაწყვეტილებებს, არის სრული სისულელე, ეგ შეუძლებელი იყო. იმდენად პროფესიული რაღაცაა სამხედრო გადაწყვეტილებები, რომ ეს შეუძლებელი იყო. რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ჯარის გადადგილების გადაწყვეტილების მიღება. როცა მაგალითად მაისში, როცა სიტუაცია ძალიან დაიძაბა, ვფიქრობდით, ერაყიდან ხომ არ მოგვეთხოვა ჩვენი ბრიგადის გამოყვანა, ყველაზე ბრძოლისუნარიანი ბრიგადა გვყავდა ერაყში. ბევრი გადაწყვეტილება იყო მისაღები. მაგალითად, მოგვეთხოვა თუ არა სამშვიდობო სტატუსის მოხსნა რუსული ჯარებისთვის, მე ვიძახდი მოდი მოვითხოვოთ, მაგრამ მერე იტყოდნენ ვიღაცეები, ვისაც დასავლეთში არ უნდოდა ჩვენი დახმარება და ასეთიც ბევრი იყო, იტყოდნენ რომ ქართველები პროვოკატორობდნენ. იგივე იყო ბრიგადის გამოყვანაც, იტყოდნენ რომ ქართველები ომისთვის ემზადებიანო", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ომის მომზადების ყველა ნიშანი იყო, მაგრამ ქართული მხარე ერთადერთს, რასაც აკეთებდა, ეს იყო დიპლომატიური მომზადება.