არასდროს გვქონია ილუზია, რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტის შეხედულებები ასე სწრაფად შეიცვლებოდა

არასდროს გვქონია ილუზია, რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტის შეხედულებები ასე სწრაფად შეიცვლებოდა

"არც არასდროს გვქონია ილუზია ახალ მთავრობას, რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტის შეხედულებები ასე სწრაფად შეიცვლებოდა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა.

ირაკლი ალასანია რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ რიტორიკა უცვლელია.

"რაც შეეხება კონფლიქტის პოლიტიკურ შეფასებებს, მე შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი სიახლე რუსი პოლიტიკოსებისგან, მათ შორის რუსეთის პრემიერის განცხადებაში არ ყოფილა. ხუთი წლის წინ დიპლომატიური ბრძოლის ხაზი გადიოდა გაერო-ში, სადაც მე ვმუშაობდი და ზუსტად იგივე რიტორიკა იყო. მათ ჩაუვარდათ აღიარების პოლიტიკა. დღეს იგივე რიტორიკა გვესმის ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან და თუნდაც ნატო-ში ჩვენს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ არც გვქონია არასდროს ილუზია ახალ მთავრობას, რომ ამ საკითხებზე რუსეთის პოლიტიკურ ელიტის შეხედულებები ასე სწრაფად შეიცვლებოდა.

მე გამიკვირდა კიდეც ისეთი ემოციური აჟიოტაჟი გამოიწვია მედვედევის განცხადებებმა. ერთადერთი სწორი გზა, არის რასაც ხელისუფლება აკეთებს -თანმიმდევრულად გავაგრძელოთ სახელმწიფოს შენება და დარწმუნებული ვარ, რომ მართლაც ძლიერი დემოკრატიული საქრთველო აფხაზებისთვის და ოსებისთვის უფრო მიმზიდველი იქნება და ჩვენთან ერთად ყოფნა ევროპაში მათ უფრო მოხიბლავთ ვიდრე დარჩნენ რუსეთის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ", - განაცხადა ალასანიამ.