სალომე ზურაბიშვილი:   არც ერთი მხარისგან არ მოგვისმენია სიმართლე, თავისი შეცდომის ან დანაშაულის აღიარებით

სალომე ზურაბიშვილი: არც ერთი მხარისგან არ მოგვისმენია სიმართლე, თავისი შეცდომის ან დანაშაულის აღიარებით

არც ერთი მხარისგან არ მოგვისმენია სიმართლე, თავისი შეცდომის ან დანაშაულის აღიარებით, რომელიც ამ მოვლენებს ახალ შუქს მოჰფენდა და ამდენად ახალ ურთიერთობის დასაწყისს გაუხსნიდა გზას, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ხუთი წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, მაგრამ ჯერ კიდევ საქართველოს მოსახლეობას არ ეღირსა სიმართლის გარკვევა. ტრაგედია გრძელდება და გამოსავალი ნაპოვნი არ არის, რადგან ვერ ვადგენთ სიმართლეს.

ტყუილია, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა მძიმე ტექნიკით პირველმა გადმოლახა საქართველოს საზღვარი 8 აგვისტომდე, მაგრამ ისიც ტყუილია, რომ საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან.

სიმართლეა, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა ყველა შესაძლო ხერხებით (აგრესია, პროვოკაცია) 1991 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ე.წ სამხრეთ ოსეთში და მოგვიანებით აფხაზეთში, და მას მერე არ შემწყდარა ეს თანმიმდერვული პოლიტიკა. (რომ არაფერი ვთქვა 1921 წლის შესახებ).

ტყუილია, რომ 2008 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილმა ერთპიროვნულად და ტელევიზიაში განცხადების გაკეთებით არ დაიწყო საომარი მოქმედებები და ცხინვალის დაბომბვა, და უკვე 8 აგვისტოს დილით გამარჯვების დროშების შეტანით ცხინვალში. ამიტომ ამაზე პასუხი აგოს, ოღონდ არა რუსეთის წინაშე, არამედ საქართველოს და უპირველეს ყოვლისა ცხინვალის მოსახლეობის წინაშე.

სიმართლეა, რომ კოდორის ხეობაში არც ერთი საომარი გადაადგილება არ ყოფილა ქართული მხარის მხრიდან, სამაგიეროდ რუსეთის სამხედრო ძალები უმიზეზოდ შემოიჭრნენ და გახსნეს მეორე ფრონტი დასავლეთ საქართველოში. სიმართლეა ისიც, რომ ამ საკითხზე სააკაშვილის მთავრობამ საეჭვო დუმილი არჩია, განგაში არ ატეხა და კოდორის დასაცავად არც ადგილზე და არც საერთაშორისო დონეზე არ იბრძოლა. (არაფერს ვამბობ ახალგორის რაიონზე, რომელიც თვითონ სააკაშვილის ხელისუფლებამ შეიყვანა ე.წ "სამხრეთ ოსეთში", როდესაც აღადგინა ე.წ "სამხრეთ ოსეთი" რომელიც 1991 წლიდან გაუქმებული იყო.)

ტყუილია, რომ საქართველოსთან ომი დაიწყო რუსეთმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესაჩერებლად. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე, საქართველოს ისედაც უარი ეთქვა MAP-ზე, საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა უკვე გადავადებული იყო, რომ არა გადაწყვეტილი...

მართალია, რომ ყველაზე დიდი პერსპექტივა ნატო-სთან მიმართებაში გვქონდა სწორედ მაშინ როცა სამხედრო ბაზების გაყვანას მოეწერა ხელი და როცა კონფლიქტების მოგვარების გზაზე ვიდექით. პარადოქსია, მაგრამ სიმართლეა, რომ ჩვენი ნატო-სკენ მიმავალი გზა ითხოვს იმავდროულად რუსეთთან ურთიერთობის დამშვიდებას.

ტყუილია, რომ საზღვრის გადატანის საკითხი და დევნილების დაბრუნება დამოკიდებული იყოს ცხინვალის ხელმძღვანელობაზე და რუსეთის მითითებების გარეშე წყდებოდეს! ასევე ტყუილია, რომ ჩვენი გაერთიანება, როგორც ერის არ გადის აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე... და ისიც არ არის ტყუილი, რომ რუსეთმა "დამოუკიდებლობის აღიარებით" ეს გზა გადაგვიკეტა რამეთუ პირდაპირი საუბარი ე.წ "დამოუკიდებელ სუბიექტთან" უდრის მათი დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს ნორმაა! და ამრიგად მოგვაქცია ჩაკეტილ წრეში!

და კიდევ ძალიან ბევრი ტყუილი ორივე მხრიდან... სამაგიეროდ არც ერთი მხარისგან არ მოგვისმენია სიმართლე, თვისი (ნაწილობრივ მაინც) შეცდომის ან დანაშაულის აღიარებით, რომელიც ამ მოვლენებს ახალ შუქს მოჰფენდა და ამდენად ახალ ურთიერთობის დასაწყისს გაუხსნიდა გზას. მედვედევს, რომ მართლაც სურვილი ჰქონოდა ახალი (არჩევნების შემდგომ) საქართველოს ხელისუფლებისთვის რეალური შესაძლებლობის გზის მითითების (და არა ძველისა შეგუების, დათმობის, აღიარების და ევრაზიის კავშირის შეთავაზების). იგივე შეეძლო სააკაშვილს რომ ისტორიაში მხოლოდ დაკარგულ ტერიტორიების სიმბოლოდ არ დარჩენილიყო.

ამიტომაც ამ პირობებში სანამ არ გამოვალთ არსებულ მოცემულობიდან - ერთ მხარეს საარჩევნო კამპანიის გამოყენებით სპეკულირების და რუსეთის საოცნებო კანდიდატების წინ წამოწევის და მეორეს მხრივ, სააკაშვილის რომლის ყველაზე დიდი დანაშაული არის რომ თავისი ცოდვა და პასუხისმგებლობა საქართველოს გადაულოცა, იმავეს აგრძელებს - რამე სერიოზული მოლაპარაკებების დრო არ დამდგარა.

ასეთი მოლაპრაკებები და თანასწორი ურთიერთობა ორ მეზობელთა შორის არც პიროვნული სიმპატიებით, არც ვითომც კეთილმეზობლობის სურვილებით ან კიდევ უფრო უსაფუძვლო იმედების შექმნით არ იწყება. არც უკან ყურებით, ისტორიის გახსენებით, შემოყვანით და ბრალდებებით, თუნდაც დამტკბარ ენით წარმოთქმული. კიდევ ვიტყოდი, რომ "ნოსტალგია" ასევე სრულიად არაადექვატურ საწყისად მეჩვენება რამე სეროზული და თანამედროვე ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. და ვერც ორივე მხარის მცდელობა რომ "კარგ ბიჭებად" წარმოაჩინონ თავი.
ახალი ურთიერთობები, და ამას ვერ გავექცევით, - ეს იქნება რუსეთთან თუ ოსებთან და აფხაზებთან - იწყება სიმართლით... ტყუილების მოხსნით. რამეთუ ნათელზე ნათელია რომ ისტორიის ხელახლა დაწერით წარსულს მაინც ვერ შეცვლით!"- წერს ზურაბიშვილი.