ნინო ბურჯანაძე:   გორში მიწაზე მფორთხავმა მთავარსარდალმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულის გამო

ნინო ბურჯანაძე: გორში მიწაზე მფორთხავმა მთავარსარდალმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულის გამო

გორში მიწაზე მფორთხავმა მთავარსარდალმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულის გამო ქვეყნისა და ხალხის წინაშე, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ და პრეზიდენტობის კანდიდატმა, ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

"საქართველოს ხელისუფლებამ და პირადად მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა ჩართო წინასწარ წასაგებად განწირულ ომში, რომლის, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. ამისათვის აუცილებელი იყო მხოლოდ ერთი რამ, რომ ხელისუფლებას და პრეზიდენტს საკუთარი სამშობლო საკუთარ სავარძელზე მეტად ყვარებოდა და ელემენტარული, ადექვატური გონივრული, საღ აზრთან მიახლოებული გათვლები გაეკეთებინა", - აცხადებს ბურჯანაძე.

ბურჯანაძის თქმით, პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ შეცვალონ ომის შედეგად დამდგარი რეალობა. მისივე განცხადებით, აუცილებელია აგვისტოს ომის გამოძიება.

"ყველამ და უპირველეს ყოვლისა ქვეყნის მხდალმა და გაქცეულმა, გორში მიწაზე მფორთხავმა მთავარსარდალმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულის გამო ქვეყნისა და ხალხის წინაშე! ხალხში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ქართველებსაც და ოსებსაც. მხოლოდ ადექვატური და ობიექტური გამოძიების და დამნაშავეების დასჯის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ ჩვენსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს დაიწყოს ურთიერთნდობაზე დამყარებული დიალოგი და დაიწყოს ჩატეხილი ხიდების აღდგენა.

სწორედ დღეს, 2013 წლის 8 აგვისტოს ვაცხადებ, რომ ჩემი როგორც პოლიტიკოსის უმთავრესი მიზანი და ამოცანაა საქართველოს - ჩვენი სამშობლოს გამთლიანება, წარმატება და კეთილდღეობა. ეს მთლიანობა ძნელი მისაღწევია, მაგრამ შესაძლებელია. მე გპირდებით, რომ ქვეყნის გამთლიანებისთვის ყველაფერს გავაკეთებ და შევძლებ, ვინაიდან ვიცი რა არის იმისათვის საჭირო, რომ აღდგეს ჩატეხილი ხიდები აფხაზებსა და ქართველებს, ქართველებსა და ოსებს შორის",-განაცხადა ბურჯანაძემ.