ჩვენს ხალხებს შორის კეთილი დამოკიდებულება გვაძლევს იმედს, რომ ეს პროცესი პოზიტიურად განვითარდება

ჩვენს ხალხებს შორის კეთილი დამოკიდებულება გვაძლევს იმედს, რომ ეს პროცესი პოზიტიურად განვითარდება

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ შეიძლება დადგეს, როდესაც სერიოზულ წინსვლას მივაღწევთ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანების გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გორში სამხედრო მოსამსახურეების ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია განახორციელა, ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე უდიდესი დარტყმა იყო.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მოვლენების ამგვარ განვითარებაში სამწუხაროდ ქართულ მხარეს პასუხისმგებლობის თავისი წილი აქვს, რაც 2009 წელს ევროკავშირმა თავის დასკვნითაც დაადასტურა. 

"ამ ტრაგიკული გამოცდილებიდან, არა მარტო მკაფიო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, არამედ მომავალზეც უნდა ვიზრუნოთ. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გვიწევს რუსეთთან ურთიერთობის ფორმების ძიება. გასული წლის ბოლოს დავიწყეთ პირდაპირი დიალოგი და საწყის ეტაპზე კონკრეტული პრაგმატული საკითხების გადაწყვეტა დავისახეთ მიზნად. შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოგვიწევს კიდევ უფრო რთული პრობლემების მოგვარება. ჩვენს ხალხებს შორის კეთილი დამოკიდებულება გვაძლევს იმედს, რომ ეს პროცესი პოზიტიურად განვითარდება", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა დადებითად შეაფასეს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი როგორც დაძაბულობის შემცირებისკენ მიმართული კონსტრუქციული ნაბიჯი.

"ამ ფონზე როგორც ჩვენთვის, ისე საერთაშიროსო საზოგადოებისთვის გაუგებარია ჩვენი ქვეყნის სიღრმეში მავთულხლართების გადმოწევა და მაინც მიუხედავად ამისა ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და კვლავ თანდიმდევრულად მივსდევთ ჩვენს მიერ დასახულ პრაგმატულ პოლიტიკას. რაც შეეხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ შეიძლება დადგეს, როდესაც სერიოზულ წინსვლას მივაღწევთ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანების გზაზე. კარგად გვესმის, ამ პრობლემას ერთი ხელის მოსმით ვერ გადავწყვეტთ", - მიაჩნია ბიძინა ივანიშვილს.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ამ საქმეში ქმედით დახმარებას საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები – ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციები გაუწევენ.

"სწორედ ამიტომ ჩვენი ყოველი ნაბიჯი ისე უნდა იყოს გათვლილი, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენი დახმარება გაუადვილდეთ. ჩვენ არაერთხელ ვთქვით და ახლაც ვაცხადებთ, საქართველოს დასავლური ორიენტაცია, ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული არჩევანია, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. დარწმუნებული ვარ, ამ მიზნამდე აუცილებლად მივალთ. ჩვენი ქვეყანა გაუმკლავდება სირთულეებს. ჩვენ მივაღწევთ საქართველოს დეოკუპაციას, აღვადგენთ ურთიერთობებს ჩვენს ძმებთან აფხაზებთან და ოსებთან და ისეთ ქვეყანას შევქმნით, რომელიც საამაყო იქნება ყველასთვის", - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.