ბიძინა ივანიშვილი:   არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, ვიდრე იყო შენი ქვეყნის ჯარისკაცი

ბიძინა ივანიშვილი: არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, ვიდრე იყო შენი ქვეყნის ჯარისკაცი

არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, ვიდრე იყო შენი ქვეყნის ჯარისკაცი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორში, სამხედრო მოსამსახურეების ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ფიცის დადება ერთგულების აღთქმას, წესისა და კანონის დაცვას და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს.

"ფიცის დადებით თქვენ გახდით შეიარაღებული ძალების სრულფასოვანი წევრები და დღეიდან უდიდესი მისია დაგეკისრათ – დაიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა. გილოცავთ ამ დღეს. არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, იყო შენი ქვეყნის ჯარისკაცი. თქვენ საინტერესო გზა გაქვთ გასავლელი. დარწმუნებული ვარ, ამ გზაზე შეიძენთ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც ასე სჭირდება საქართველოს. სამშობლო, ღირსება, ერთგულება, შეიარაღებული ძალების დევიზია და მჯერა, თქვენი სახით ჩვენს სამშობლოს ღირსეული და ერთგული დამცველები შეემატა", - განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, შეიარაღებული ძალების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართულ არმიას ხალხის მხარდაჭერა და სიყვარული არ აკლია და საზოგადოებაში დიდი ნდობით სარგებლობს.

"ეს ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი ტვირთია, რომელიც ღირსეულად უნდა ატაროს თითოეულმა თქვენგანმა. თქვენ უნდა გააგრძელოთ ჩვენი წინაპრების რთული და საამაყო გზა. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ სულის სიმტკიცეს, რაც ჯარისკაცს ყველაზე მეტად სჭირდება. ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის მზად ხართ, თავი გაწიროთ სამშობლოსთვის, არა მარტო აქ, არამედ უცხო მიწაზეც. ჩვენი ჯარისკაცები საერთაშორისო სამშვიდობო ძალებში საკუთარი სიცოცხლის ფასად საერთაშორისო უსაფრთხოებას და მშვიდობას იცავენ. ხალხს თქვენი გმირობის და თავდადების იმედი აქვს, მაგრამ ჩვენ ყველაზე მეტად თქვენი სიცოცხლე გვჭირდება. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯარისკაცებს, სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს კი, პატივი მივაგოთ და მათ ოჯახებს ამაყად და ღირსეულად ცხოვრების საშუალება მივცეთ", - აღნიშნა პრემიერმა.