ირაკლი ალასანია:   საქართველო არაერთხელ წამომდგარა ფეხზე და ახლაც გაიმართება წელში

ირაკლი ალასანია: საქართველო არაერთხელ წამომდგარა ფეხზე და ახლაც გაიმართება წელში

საქართველო არაერთხელ წამომდგარა ფეხზე და ახლაც გაიმართება წელში, - ამის შესახებ გორში, ფიცის დადების ცერემონიაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა . მისი თქმით, საქართველო, რომ დღეს არსებობს ქართველი სამხედროების და პატრიოტების დამსახურებაა. 

"ჯარისკაცებო, დღეიდან თქვენ სამშობლოს დამცველები გახდებით. დღეიდან საქართველოს დაცვა არის თქვენი მთავარი ამოცანა. დღეს ფიცი დადეთ იმ ადგილას, სადაც 5 წლის წინ ჩვენმა მეომრებმა მტრებსაც და მოკეთეებსაც დაანახეს, რომ სამშობლოს დაცვაზე მეტი ღირსეული საქმე არ არსებობს, რომ ის მოითხოვს უდიდეს ღირსებას და ასევე გაძლევს დიდ ღირსებას. სწორედ ამიტომ, დღეს, თქვენი სამხედრო სამსახურში ჩაბმა არის ყველასთვის საამაყო და ეს ყველაზე დიდი ჯილდოა თავმოყვარე ადამიანისთვის. მრავალრიცხოვანი მტრის მიუხედავად საქართველო არაერთხელ წამოდგა ფეხზე და ახლაც გაიმართება წელში. დღეს, რომ საქართველო არსებობს თქვენნაირი მამულიშვილების და პატრიოტების დამსახურებაა. როდესაც იცვამთ ფორმას, თქვენ გააზრებული გაქვთ, რომ სიცოცხლესაც კი შეელევით თუ სამშობლოს დამოუკიდებლობას დაჭირდა. სწორედ ამიტომ, ყველაზე ღირსეულია და საამაყო გერქვას მეომარი, გერქვას ჯარისკაცი და ღირსეულად იცავდე შენ ქვეყენას", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, ძლიერი არმია სხვა განვითარებულ ინსტიტუტებთან ერთად საქართველოს მიმზიდველს გახდის აფხაზებისთვის და ოსებისთვის.

"ძლიერი არმია გამართულ ეკონომიკასთან, სამართლიან სასამართლოსთან და განათლებულ საზოგადოებასთან გახდის ჩვენ დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოს მიმზიდველს ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. სულ რამდენიმე კილომეტრშია ოკუპაციის ხაზი. ეს ყველა ჩვენგანისთვის უმძიმესი მემკვიდრეობაა, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაზე თანამედროვე და ძლიერი იარაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს არის მეომრის გაუტეხელი სული. მე მინდა მოგილოცოთ ჩვენს დიდ ოჯახში, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება. თქვენი საქმეა დაეუფლოთ საბრძოლო საქმეს, შეისწავლოთ ბოლომდე და სწორედ ასე დავუდგებით გვერდში ჩვენი ქვეყნის განვითარებას, რაც მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის დახლეჩილი სხეულის გამთლიანებამდე", - განაცხადა ალასანიამ.

გორში ფიცი 700-მა სამხედრომ დადო.