დავით ბაქრაძე ხელისუფლებას ეროვნული თანხმობის აქტის მიღებას სთავაზობს

დავით ბაქრაძე ხელისუფლებას ეროვნული თანხმობის აქტის მიღებას სთავაზობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მმართველ გუნდს ეროვნული თანხმობის აქტის მიღებას და ასევე რამდენიმე ახალ ეკონომიკურ ინიციატივას სთავაზობს. 

ახალი ინიციატივებით ხელისუფლებას დღეს უმცირესობის ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მიმართა. ბაქრაძე ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის სურვილსაც გამოთქვამს.

"ჩვენ მზად ვართ, ყველა იმ საკითხში, რაც ეკონომიკას, ადამიანების დასაქმებას ეხება, ძალიან კოორდინირებულად ვიმუშაოთ ხელისუფლებასთან, რათა გაჩნდეს სტაბილურობის განცდა და ერთმანეთთან ჩხუბის ნაცლად, ეკონომიკის განვითარებაზე ვიზრუნოთ. მაგალითად, ჩვენი ინიციატივაა, რომ მივიღოთ ეროვნული თანხმობის აქტი, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გარდამავალ ეტაპზე არსებულ სირთულეებს დაარეგულირებს და თავიდან აგვაცილებს ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს საზოგადოებასა და ეკონომიკის გააჩნია" , - განაცხადა ბაქრაძემ.

რაც შეეხება შეთავაზებებს ეკონომიკური მიმართულებით, ბაქრაძე კვლავ გამოვიდა ბიზნეს-სექტორისთვის საგადასახადო ამნისტიის გამოცხადების ინიციატივით. მან ხელისუფლებას შესთავაზა, რომ მცირე ბიზნესისთვის სასაქონლო ზედნადებების გაუქმება მოხდეს. ასევე "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებაა, რომ თუკი საწარმოს მიერ გადახდილ გადასახადში ცდომილება 10%-ზე ნაკლებია, არ მოხდეს მის ადმინისტრაციული წესით დასჯა და ცდომილება აუდიტორიული სამსახურის დასკვნის მიხედვით გასწორდეს.