ომის ხუთი წლისთავი ფოთში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა

ომის ხუთი წლისთავი ფოთში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა

საქართველო-რუსეთის ომის ხუთი წლისთავი ფოთში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა. მთავარი ღონისძიება, ფოთის ცენტრში, ომში დაღუპულთა ობელისკთან გაიმართა, სადაც დაღუპულთა ოჯახის წევრები, ხელისუფლების, ფოთის პორტისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დაღუპულთა ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით პატივის მიგების შემდეგ სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. 

"ამ ომა ქვეყანას მოუტანა უმძიმესი შედეგი. არაერთი დაღუპული ჩვენი თანამოქალაქე, არაერთი გაუბედურებული ოჯახი, 140-ზე მეტი ქართული სოფელი დაკარგული და ქვეყნის ტერიტორიის კიდევ უფრო დიდი ნაწილი ოკუპირებული. ეს არის უმძიმესი შედეგის მომტანი ომი, რომელიც არასდროს

უნდა განმეორდეს. ჩვენ განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც სამშობლოს შეეწირა და ბუნებრივია, აუნაზღაურებელი ტკივილი აქვთ იმ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს წევრები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება და ყველა ოჯახი, ვინც ომში ოჯახის წევრი დაკარგა, ყოველთვიურად მიიღებს 500 ლარს, ხოლო შემდეგ 1000 ლარს. ეს არის, ჩვენი ხელისუფლებისგან გამოხატული ერთგვარი პასუხისმგებლობა, ამ ოჯახებისდმი თანადგომისა და მხარდაჭერის მიზნით", -აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

ასევე გაიმართა 8 აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო–მასალების გამოფენა, რომლის ავტორიც "ინტერპრესნიუსის" ფოთის რეგიონული ჟურნალისტი ლაშა ზარგინავაა. მათ შორის არის ფოტოები, რომელიც საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია და ფოთის პორტის დაბომბვას ასახავს.

2008 წლის 8 აგვისტოს, რუსულმა ბომბდამშენებმა ფოთის პორტი გვიან ღამით დაბომბეს, რასაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. საომარი მოქმედებებისას ფოთიდან 12 ადამიანი დაიღუპა და 87 დაიჭრა.