სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმირება გაურკვეველი დროით გადაიდო

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმირება გაურკვეველი დროით გადაიდო

კონსტიტუციური რეფორმის მიზნით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხი გაურკვეველი დროით გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მხრიდან რამდენჯერმე ითქვა, რომ საკონსტიტუციო კომისია ერთ თვის ფარგლებში შეიქმნებოდა. საუბარი იყო მის პარლამენტის რიგგარეშე სხდომების პერიოდში ჩამოყალიბებაზეც, თუმცა კომისია, რომელმაც წინასწარ გაცხადებული გეგმის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში უნდა იმუშაოს, ამ დრომდე ფორმირებული არ არის და სულ მცირე, საშემოდგომო სესიამდე არ შეიქმნება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტან ხმალაძემ განუცხადა, იმის მიუხედავად, რომ საკონსტიტუციო კომისიის ახლო მომავალში ამოქმედების თაობაზე ბევრჯერ ითქვა, "თავის დადგმა" ვერ მოხერხდა.

ამასთან, ხმალაძის ცნობით, დაგეგმილია კომისიის პარლამენტის დადგენილებით შექმნა, რადგან ამით მას ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი ექნება და უმჯობესია, კომისიის ამოცანიდან გამომდინარე.

"ინტერპრესნიუსი" საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის საკითხითაც დაინტერესდა, თუმცა ამასთან დაკავშირებით ხმალაძემ აღნიშნა, რომ "არის რაღაც მოსაზრებები, თუმცა ჯერ ვერაფერს იტყვის".