პასუხი უნდა აგოს იმ ადამიანმა, რომელიც დამნაშავეა აგვისტოს ომის ტრაგედიაში, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მყავს მხედველობაში , - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
ნინო ბურჯანაძემ მუხათგვერდის სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს გაესაუბრა.
"მინდა მოვიხსენიო ყველა ის ადამიანი, რომელიც შეეწირა ამ ბრძოლას. ის ბიჭები ნამდვილად გმირები არიან და ნამდვილად ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოდნენ. მინდა მწუხარება გამოვხატო ჩვენივე თანამოქალქე ოსების მიმართ, რომლებიც ამ ომში დაიღუპნენ. ყველა ის ჯარისკაცი, ვინც იცავდა საქართველოს ერთიანობას, ნამდვილად გმირია, მაგრამ მათი დაღუპვისთვის პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ეს ომი საქართველოს ვერ ააცილეს. დარწმუნებული ვარ, აგვისტოს ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა. იმის გარანტი, რომ ეს აღარ განმეორდეს, არის ის, რომ პასუხი აგოს იმ ადამიანმა, რომელიც დამნაშავეა აგვისტოს ომის ტრაგედიაში, პრეზიდენტი სააკაშვილი მყავს მხედველობაში. ომი უნდა იყოს გამოძიებული და ყველა ის ადამიანი, რომელმაც არაფერი გააკეთა, იმისთვის რომ თავიდან აგვეცილებინა ტრაგედია, პირიქით, ბევრი ნაბიჯი გადადგა ამ ტრაგედიამდე რომ მივსულიყავით, სააკაშვილის ხელმძღვანელბით, პასუხისგებაში უნდა იქნას მიცემული", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.