დავით უსუფაშვილი:  საქართველოში აღარ უნდა დავუშვათ ომი

დავით უსუფაშვილი: საქართველოში აღარ უნდა დავუშვათ ომი

საქართველოს, არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად დიდი სიფრთხილე მართებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა, რომელმაც მუხათგვერდის სასაფლაოზე გმირთა მემორილი პარლამეტის წევრებთან და შვილებთან ერთად გვირგვინით შეამკო. 

დავით უსუფაშვილმა დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახის წევრებსაც მიუსამძიმრა.

პარლამენტის თამჯდომარის თქმით, საქართველომ საკუთარი სტრატეგიული ხადვებისა და ინტერესების შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

"ეს ხედვა კი ნიშნავს იმას, რომ არც თავად უნდა ვიყოთ რაიმე ძალადობრივი მოქმედებების პირდაპირი თუ არაპირდაპირი ინიციატორი ოდესმე მომავალში და არც სხვის პოვოკაციას არ უნდა ავყვეთ. ამიტომ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელმაც სრულიად სხვა ხერხებით და ბერკეტებით უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ჩვენი ჯარისკაცები უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე ყოველი შემთხვევისთვის, მაგრამ საქართველოში აღარ უნდა დავუშვათ ომი. რასაც არ უნდა ამბობდნენ ამა თუ იმ მეზობელი ქვეყნის პოლიტიკოსები თუ პრეზიდენტები," – განაცხადა დავით უსუფაშვილმა დიმიტრი მედვედევის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

დავით უსუფაშვილის თქმით, 8 აგვისტო საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული თარიღია, თუმცა სამშობლოსთვის თავგანწირვა ერს არასოდეს ავიწყდება.

"მეორე მხრივ, ის ტკივილი, რომელიც დაატყდა სრულიად საქართველოს, ასევე არ ექვემდებარება დროს და დღეს სრულიად საქართველო გლოვობს იმ დღეებს, რომლებიც შეიძლებოდა არ მომხდარიყო. სამშობლოს დაცვა წმიდათა წმინდა მოვალეობაა და ყველა ჯარისკაცი ამისთვის მზად არის, თუმცა ჩვენ, ხელისუფლება გვჭირდება იმისთვის, რომ ასეთი მსხვერპლი მინიმუმადე დავიდეს," – აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის მიწა-წყალზე ომი აღარ განმეორდეს, რადგან ომი ტოვებს დიდი ჭირ-ვარამს და დაობლებულ ბავშვებს. "ასე, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა და ყველაფერი მშვიდობიანად უნდა მოვაგვაროთ," – აღნიშნა უსუფაშვილმა.