დავით დარჩიაშვილი:   რუსეთისადმი შეთავაზებებით პრეზიდენტი დიპლომატიურ ხერხს მიმართავდა

დავით დარჩიაშვილი: რუსეთისადმი შეთავაზებებით პრეზიდენტი დიპლომატიურ ხერხს მიმართავდა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით დარჩიაშვილის აზრით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის პირველ პირებს რაციონალური და პრაგმატული შუალედური გამოსავალი შესთავაზა. 

როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, იმ შეთავაზებებით, რომლის თაობაზეც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, პრეზიდენტი დიპლომატიურ ხერხს მიმართავდა და საკითხს იმგვარად სვამდა, რომ მოწინააღმდეგე პირდაპირ აფიქსირებდა, რისი გამკეთებელი იყო რეალურად. დარჩიაშვილის თქმით, "იმის გამოსახატავად და არტიკულირებისთვის, რომ ხელისუფლებას ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნის გადასარჩენას სურდა, საჭირო იყო ასეთი შეთავაზება და პასუხისთვის დალოდება".

"ხელისუფლება ამბობდა: "ნატო-ში შესვლა გაწუხებთ? ჩვენ ნატო გვინდა იმიტომ, რომ ნორმალური, თანამედროვე სახელმწიფო ავაშენოთ და თუ არ შევალთ, ამას გვაცლით?". საკითხი აი, ასე იდგა, რაზეც უთხრეს - "არა". რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ნატოა, მაგრამ ვთქვათ, შენ ეს გაღიზიანებს, მაცლი ცხოვრებას, თუ არა?! ნატო-ში შესვლა სიამოვნებისთვის ხომ არ მინდა, მინდა იმისთვის, რომ თუ იქ ხარ, ცხოვრებას გაცლიან, და თუ არა ხარ = არ გაცლიან. პასუხი იყო: "არა, მაინც არ გაცლით, ტერიტორიული მთლიანობა მაინც პრობლემა იქნება და საშინაო პოლიტიკის ამბებშიც შეიძლება ჩავერიოთ". საკითხი სწორედ ასე იდგა და, რა თქმა უნდა, ნატო ქვეყნის გადარჩენის უალტერნატივო გზად რჩება. გარდა ამისა, საქმე იყო იმაში, რომ სააკაშვილის მთავრობა ძალიან დინამიურად სხვადასხვა ვერსიებს სთავაზობდა როგორც რუსეთს, ისე ოსურ და აფხაზურ მხარეებს. 2006 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენის იდეაც ამის ნაწილი იყო. ასევე ერთ-ერთი ვერსია იყო, რუსი სამშვიდობოები მდინარე კოდორზე გადასულიყვნენ და არ მდგარიყვნენ ენგურზე და კიდევ აქეთ - ზუგდიდში, კოდორამდე კი, დევნილების შეშვება ყოფილიყო შესაძლებელი საერთაშორისო ადმინისტრაციის პირობებში. სამაგიეროდ, საქართველო დასთანხმდებოდა, რომ რუსეთს ოფიციალური ინვესტიციები გაეკეთებინა აფხაზეთის ტერიტორიაზე და ასე შემდეგ. არსებობდა დსთ-ს ხელშეკრულება, რომელიც სერიოზულ ეკონომიკურ თანამშრომლობას სეპარატისტულ რეგიონებთან კრძალავდა და ხელისუფლებამ რუსეთს ასეთი შუალედური გეგმა შესთავაზა. ეს იყო ძალიან რაციონალური, პრაგმატული, შუალედური გამოსავალი, რათა ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში ჩამდგარიყო. ეს აჩვენებდა, რომ სამხედრო დაპირისპირება და რიტორიკა სააკაშვილის მთავრობის თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ასეთი შეთავაზებები სულ კეთდებოდა და სამხედრო რიტიროკა მოსდევდა იმას, როცა იქედან იყო ყველაფრისადმი მიუღებლობა და აგრესია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დარჩიაშვილმა.

ამასთან, სააგენტოს კითხვაზე, "ვალდებულებების მიმართ რუსეთთან გამოცდილების და ზოგადად, ხელშეკრულებებისადმი რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულების ფონზე, რატომ ჰქონდა სააკაშვილს იმედი, რომ რუსეთი იმ ხელშეკრულების პირობებს დაიცავდა, სადაც თავის მხრივ საქართველოს NATO–სთან და ამერიკასთან ურთიერთობებზე ექნებოდა უარი ნათქვამი?" დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ "გააჩნია ხელშეკრულებასაც".

"თუკი შენ რუსეთს ხელს იმაზე აწერინებ, რომ სამშვიდობო კონტინგენტი გადის, შემოდის საერთაშორის კონტინგენტი, იწყება დევნილების დაბრუნება და ასე შემდეგ, რუსეთის მხრიდან ერთი ბწკარედის დარღვევა იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება ბათილია. უბრალოდ, ეს საშიში და საეჭვო ხელშეკრულება არ უნდა იყოს, როგორიც - 1992, 1994 წლების ხელშეკრულებები, რამაც კონფლიქტის ზონებში საეჭვოდ არათანაბარი მდგომარეობა შექმნა", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან განაცხადა, 2008 წლის ომამდე რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს რამდენიმე წინადადება შესთავაზა, რაც პრეზიდენტის განმარტებით, იმაში მდგომარეობდა, რომ მზად იყო, უარი ეთქვა, ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე და აშშ-თან დაახლოებაზე, თუ თავის მხრივ რუსეთი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებოდა. გარდა ამისა, სააკაშვილმა რუსეთის პირველი პირებისადმი გაგზავნილი წერილებიც წარმოადგინა, სადაც ის რუსეთის ხელისუფლებას სთავაზობდა, აფხაზეთში დევნილების შეყვანის სანაცვლოდ ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებას.

"მივწერე მედვედევს წერილი, რომელიც ვფიქრობ, ისტორიკოსების კამათის საგანი გახდება. ჩვენ მათ ლტოლვილების შეყვანის სანაცვლოდ კოდორის ჩრდილოეთით გადანაცვლება შევთავაზეთ. ლტოლვილები შევიდოდნენ საერთაშორისო ადმინისტრაციის ქვეშ, სამაგიეროდ დავპირდით, რომ დავუკანონებდით ეკონომიკურ ინტერესს ბიჭვინთაში, გაგრასა და სოხუმში, სოხუმის აეროპორტს, რკინიგზას, ანუ დე-ფაქტო ვაკანონებდით მათ ინტერესებს საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილში. მათ უარი განაცხადეს და მედვედევმა მომწერა: - დაივიწყეთ ლტოლვილები და ტერიტორიაო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.