ზურაბ აბაშიძე - ქართველ და რუს ხალხს შორის არასდროს არსებობდა ფობიები

ზურაბ აბაშიძე - ქართველ და რუს ხალხს შორის არასდროს არსებობდა ფობიები

"აგვისტოს ომის მოვლენების შეფასებაში ჩვენ კიდევ დიდხანს არ დავეთანხმებით რუსეთს. მაგრამ ჩვენი პოზიცია ასეთია – ჩვენ წინ უნდა ვიყურებოდით და გასულ წელს დაწყებული დიალოგის წყალობით, მცირე ნაბიჯებით ვიაროთ წინ", - განაცხადა The Voice of Russia-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობების დალაგების პირველ ეტაპს, საქართველოს ხელისუფლებამ თავდაპირველად ისეთი პრობლემების მოგვარება გადაწყვიტა, როგორიც სავაჭრო ურთიერთობებისა და სატრანსპორტო კომუნიკაციის აღდგენა, ასევე ჰუმანიტარულ-კულტურული პრობლემების მოგვარებაა.

"ამ მხრივ, უკვე გვაქვს გარკვეული წინსვლა. ჩვენ თავიდანვე მოვილაპარაკეთ, რომ ე.წ. "რთულ საკითხებს" არ შევეხებოდით, რადგან ვიცით, რომ რუსეთი არ აპირებს უარი თქვას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. საქართველო კი არასდროს მიიღებს რუსეთის ამ პოზიციას. თუმცა, აუცილებელია მომავლისკენ ხედვა. მომდევნო ეტაპი, სავარაუდოდ, უფრო რთული იქნება, რადგან დასმული საკითხებიც უფრო რთული იქნება. თუმცა, პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავასრულოთ პირველი ეტაპი. სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გახდება ცხადი, რა საკითხებს განვიხილავთ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობას, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ უკვე მიმდინარეობს რუსეთთან ექსპორტის აღდგენა. მისივე თქმით, საქართველოში 200-მდე რუსული კომპანია წარმატებით საქმიანობს, 2011 წლიდან მოყოლებული კი, საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა.

"რაც შეეხება ჩვენს ბიზნესს, 2006 წლიდან მოყოლებული რუსულ ბაზარზე შეზღუდვები გვქონდა, რაც თანდათანობით იხსნება და ჩვენი პროდუქცია ეტაპობრივად ბრუნდება რუსეთის ბაზარზე. რუსეთის სატრანსპორტო უწყების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ კარგი იქნება, თუ რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული ფრენები აღდგება. გვაქვს მოლოდინი, რომ რუსული მხარე დაიწყებს სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას საქართველოს მოქალაქეების კონკრეტული კატეგორიისთვის. გვესმის, რომ ამას დრო სჭირდება და არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ყველაფერი ერთბაშად მოხდება. მიველსამებით მეტ პრაგმატიზმს და გვინდა, რეალურად შევხედოთ საგნებს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველო ამ ეტაპზე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს არ განიხილავს და ამის შესახებ რუსმა კოლეგებმაც იციან.

"ჩვენი მხრიდა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენის აღიარება იქნებოდა. სამწუხაროდ, 2008 წლის შემდეგ, განსაკუთრებით ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ერთგვარი ჩაკეტილი წრე შეიქმნა და არავინ იცის, როგორ გამოვიდეს ამ წირდან. ჩვენ ახლა სწორედ აქედან გამოსავალს ვეძებთ. ჩვენი დიალოგი რუსეთთან პოზიტიურ, მშვიდ ფონს ქმნის მოლაპარაკებებისთვის. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართველ და რუს ხალხს შორის არასდროს არსებობდა ფობიები. საქართველოში ყოველდღიურად იზრდება რუს ტურისტთა რიცხვი, საზღვარზე რუსული ავტომობილების რიგი დგას, ჩამოსული ტურისტების რაოდენობა კი 30-40 პროცენტით გაიზარდა. ჰკითხეთ მათ, არსებობს თუ არა რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს მხრიდან რაიმე ფობია. ამის მსგავსი არაფერია", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

The Voice of Russia-სთვის მიცემულ ინტერვიუში ზურაბ აბაშიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, თუმცა ეს შორეული პერსპექტივაა.

"ვფიქრობ, წლის ბოლოსთვის, ნოემბერში ხელს მოვაწერთ ასოცირებულ წევრობას. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ნატო-სთან. თუმცა, არც ნატო-ში გაწვრიანება არის ხვალიდნელი დღის პერსპექტივა. გვინდა, რომ საქართველო მეტად თანამედროვე ევროპული სახელმწიფო გახდეს, რომელიც დაფუძნებული იქნება ქვეყნის ტრადიციულ ფასეულობებზე. ამის პარალელურად კი გვინდა კარგი ურთიერთობა გვქონდეს ყველა ჩვენს მეზობელთან. ჩვენ კარგი ურთიერთობა დავამყარეთ სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და შავი ზღვის რეგიონში მდებარე ქვეყნებთან. ღმერთის წყალობით, პროგრესი რუსეთთან ურთიერთობაშიც გვექნება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.