მიხეილ სააკაშვილი:   რომ არა მე და ჩემი მთავრობა, არ იქნებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა

მიხეილ სააკაშვილი: რომ არა მე და ჩემი მთავრობა, არ იქნებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა

პოლიტიკოსის ქმედებები იზომება არა იმით, ვინ რას ამბობს, არამედ წლების განმავლობაში მის მიერ გატარებული პოლიტიკით, - ამის შესახებ საქრათველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის სასაფლაოზე განუცხადა. 

მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას ურჩია, დაფიქრდნენ, სად იყო საქართველო მის პრეზიდენტობამდე და სად არის მისი პრეზიდენტობის დასასრულს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი წინამორბედი იყო შევარდნაძე, რომელიც გაურკვეველი მიმართულებებით მოძრაობდა და მუდმივად ყოყმანობდა.

"ჩემი პრეზიდენტობისას კი გაჩნდა ჩანაწერი ნატო-ს ოფიციალურ დოკუმენტებში, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ასეთი გარანტია არც ერთ ქვეყანას არ მიუღია ჩვენი და უკარაინის გარდა. 2003 წელს ვინმეს რომ ეთვქა, ასეთი ჩანაწერი გაჩნდებოდა, მე თვითონაც გამეცინებოდა. ჩემი პოლიტიკის შედეგად გაჩნდა ეს ჩანაწერი. ჩემი ინიციატივით გავიდა საქარათველო დსთ-დან, სადაც შევარდნაძემ შეგვიყვანა. ჩემი პრეზიდენტობისას მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ჩემი პრეზიდენტობისას საქართველო დამკვიდრდა მსოფლიო რუკაზე. ახლა გინდა ილაპარაკეთ, რომ სააკაშვილი რამეს რამეში ცვლიდა ან რაც გინდა ის თქვით, ფაქტები ძალიან ჯიუტია, მე აქ ვდგავარ, ჯერჯერობით ცოცხალი ვარ და აგერ არის ჩემს მიერ გატარებული რეფორმების შედეგები", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო ისე სწრაფად წავიდა დასავლეთთან ინტეგრაციის გზით, ვიდრე ოდესმე ვინმეს წარმოედგინა, ან თავადაც კი წარმოდეგინა თავის დროზე. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ეს ფაქტები ისტორიული ჭეშმარიტებაა.

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა რუსეთი საქართველოს თავს არ დასხმოდა ფართომასშტაბიანად. ამის თავიდან აცილების ერთადერთი გზა იყო უარის თქმა სახელმწიფოებრიობაზე. ერთ-ერთი დეპუტატი, რომელიც "ფეესბეს" კარგად გამოხატული აგენტია, ამბობდა, რომ არა სააკაშვილი და მისი მთავრობა, არ იქნებოდა ომი. მინდა მას ვუთხრა, რომ არა მე და ჩემი მთავრობა, არ იქნებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა და რომ არა ქართული სახელმწიფოებრიობა, ამ ომს ვერ გავუძლებდით. ჩემმა მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ერთობლივად შევქმენით სახელმწიფოებრიობა, რაც პუტინის რუსეთმა ვერ მოითმინა", -აღნიშნა სააკაშვილმა.