საქართველო გადარჩა ისეთ პირობებში, სადაც ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნები ვერ გადარჩებოდნენ

საქართველო გადარჩა ისეთ პირობებში, სადაც ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნები ვერ გადარჩებოდნენ

საქართველო გადარჩა ისეთ პირობებში, სადაც ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნები ვერ გადარჩებოდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რაც 5 წლის წინ მოხდა, არის ტრაგიკული, მაგრამ ძალიან საამაყო მოვლენა და საქართველოს დროშაც დღეს ამაყად ფრიალებს.

"ამ ბიჭების გმირობა რომ არა, ჩვენ არ გვექნებოდა მსოფლიო დიპლომატიური ძალისხმევის გამოღვიძების დრო, რომელმაც საბოლოო ჯამში, გადაარჩინა ქართული სახელმწიფოებრიობა. ვინც ხუთ წლისთავზე ამბობს, რომ ომში საქართველოა დამნაშავე, ეს არის რუსეთის პროპაგანდის პირდაპირი გამეორება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამდენი ფაქტი გამოჩნდა და უკვე უტყუარად დადასტურებულია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტიგენტები და სატანკო კოლონები შემოსული იყვნენ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე. ამ ყველაფრის ფონზე იმის ძახილი, რომ საქართველომ რამე დაიწყო, აგრესორის პროპაგანდის პირდაპირი გამეორებაა და არის ქმედება, რომელიც მიმართულია სიმართლის და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, იმის ძახილი, რომ საქართველო პროვოკაციას წამოეგო, იგივეა ითქვას, რომ თავის დროზე საქართველო წამოეგო მრუვან ყრუს, აღა-მაჰმად ხანის და სხვა დამპყრობელთა პროვოკაციას.

"ის რომ საქართველომ გაწია წინააღმდეგობა და ჩვენ ამის გამბედაობა გვეყო, ეს იყო წმიდათა წმინდა ვალი. ჩემთვის არავის მოუცია მანდატი, რომ ყველაზე უფრო ძლიერი მტრისთვის, რომელიც შემოჭრა საქართველოში, არ გამეწია წინაააღმდეგობა, ეს არის ყველა არჩეული ლიდერის ვალი. ამის გამო გადარჩა ქართული სახელმწიფოებრიობა და საქართველომ გააგრძელა განვითარება, საქართველო გადარჩა ისეთ პირობებში, სადაც ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნები ვერ გადარჩებოდნენ, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობის შესანარჩუნებლად და განვითარების გასაგრძელებლად", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.