სოზარ სუბარმა ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

სოზარ სუბარმა ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების მთავარი სამმართველოს ბაზაზე აგვისტოს ომში დაღუპული ოთხი თანამშრომლის ხსოვნას პატივი მიაგო. 

სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების მთავარი სამმართველოს ბაზაზე დაღუპული ჯარისკაცების განახლებული მემორიალი თაიგულით შეამკო.

სპეცდანიშნულების სამმართველოს გარე დაცვის რიგითები გიორგი აბიათარი, ბესიკ მამიაური, გოჩა ილურიძე და ილია შავერდაშვილი 2008 წლის აგვისტოს, სოფელ ერედვში რუსეთის ფედერაციის შეაიარაღებული ძალების მიერ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოჭრის დროს დაიღუპნენ.

როგორც დღეს, სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, 2008 წელს სხვა ქართულ შენაერთებთან და მოხალისეებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სასჯელაღსრულების სპეცრაზმმა, ოთხი ვაჟკაცი შეეწირა ამ ომს, რამდენიმე კი დაიჭრა.

"დღეს პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას და ამავე დროს ჯილდოები გადავეცით იმ ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც განსაკუთრებით წარმატებით მუშაობდნენ ამ წლების განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება, ყველა ადამიანს, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაიღუპა, მათ ოჯახებს 1 იანვრიდან ენიშნებათ 500-ლარიანი ყოველთვიური პენსია, ხოლო 2015 წლიდან 1 000-ლარიანი პენსია. ეს არის ძალიან მცირედი წვლილი, მაგრამ მაინც ერთგვარი სიმბოლო იმისა, რომ სახელმწიფოს ახსოვს თავისი გმირები", - განაცხადა სოზარ სუბარმა.