რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება არ მოხდება ეროვნული ინტერესების ხარჯზე

რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება არ მოხდება ეროვნული ინტერესების ხარჯზე

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება იქნება ის უმთავრესი პრიორიტეტები, რომლის სანაცვლოდაც არავითარი მოლაპარაკებები არ გაიმართება, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან მუხათგვერდის სასაფლაოზე მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადების საპასუხოდ განაცხადა. 

პეტრიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს, თუმცა ეს არ მოხდება ეროვნული ინტერესების ხარჯზე.

"საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს, მაგრამ არა რომელიმე ჩვენი ეროვნული ინტერესის ხარჯზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება იქნება ის წითელი ხაზები, ის უმთავრესი პრიორიტეტები, რომლის სანაცვლოდაც არავითარი მოლაპარაკებები არ გაიმართება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ვერც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკური ლიდერი და პოლიტიკური ძალა ვერ მიიღებს საქართველოს მოსახლეობის მაგივრად გადაწყვეტილებას. ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია, რომ ჩვენ გავხდეთ ნატოს და ევროკავშირის წევრები, რა თქმა უნდა, უმთავრესი სტარტეგიული ამოცანაა და პრიორიტეტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ის მზად იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე უარი ეთქვა.
ევროინტეგრაციის მინისტრის განცხადებით, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებაში ვერავინ ვერ ჩაერევა.

პეტრიაშვილი რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთი არ მიესალმება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

"მედვედევმა თავის განცხადებაში, არ ვიცი რამდენად გააზრებულად, მაგრამ სწორად აღნიშნა, რომ რუსეთის გადასაწყვეტი არ არის საქართველო სად იქნება. საქართველოს გადასაწყვეტია რომელ ორგანიზაციაში გაწევრიანდება და ნატოს გადასაწყვეტია, როდის მივიღებთ ჩვენ წევრობას. ჩვენი, ქართველი ხალხის და არა რომელიმე პოლიტიკური ლიდერის, ან ძალის გადაწყვეტილებაა, ის რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები, ამიტომ ვერავინ ვერ ჩაერევა ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებაში", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.