ინგა გრიგოლიამ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემის ეთერში გასვლამდე დატოვა

ინგა გრიგოლიამ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემის ეთერში გასვლამდე დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი ინგა გრიგოლიამ და მისმა ჯგუფმა დატოვა. ეს ინფორმაცია Media.Ge-ს მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ ტელემაუწყებლობის დარგში, გოგა ჩართოლანმა დაუდასტურა. გოგა ჩართოლანის თქმით, ტოქშოუ „პოლიტიკური კვირა“, რომელზეც გრიგოლიას უნდა ემუშავა, ახალი სეზონიდან აუცილებლად გავა ეთერში ახალ გუნდთან და ახალ წამყვანთან ერთად.

გოგა ჩართოლანის ინფორმაციით, ინგა გრიგოლიამ და მისმა ექვსმა თანამშრომელმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან კონტრაქტი 1 აგვისტოს გაწყვიტა. ისინი მაუწყებელში 2013 წლის 15 თებერვლიდან მუშაობდნენ და ამზადებდნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუს „პოლიტიკური კვირა“, რომელიც „პირველი არხის“ ეთერში კვირაში ორჯერ უნდა გასულიყო. Media.Ge-ს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, გრიგოლიას ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა ეთერში არ გადიოდა, ხელფასს 2013 წლის მარტის თვიდან იღებდა. პროექტის სახელფასო ანაზღაურება ყოველთვიურად დაახლოებით 15 ათასი ლარი იყო. გადაცემა „პოლიტიკური კვირის“ სტუდიის დეკორაცია მაუწყებელს დაახლოებით 52 ათასი ლარი დაუჯდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გრიგოლია მუშაობას ახლადგახსნილ TV 3-ში გააგრძელებს, 5 აგვისტოს „პირველმა რადიომ“ გაავრცელა. ამის შესახებ Media.Ge TV 3-ის დირექტორს, კახა ბაინდურაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ტელეკომპანია ინგა გრიგოლიასთან, ეკა ხოფერიასთან და სხვა წამყვანებთან დიდი ხანია აწარმოებს მოლაპარაკებას. თუმცა ბაინდურაშვილი ამბობს, რომ ოფიციალურად არაფერზე შეთანხმებულან.

„ამ წუთისთვის გრიგოლიას კონტრაქტზე ხელი არ აქვს მოწერილი. დირექტორი ვარ და კონტრაქტზე ხელი არც მე მომიწერია“, - განაცხადა ბაინდურაშვილმა. მისივე თქმით, ინგა გრიგოლიასთან TV 3 მოლაპარაკებას ტოქშოუს ტიპის გადაცემაზე აწარმოებს. სექტემბრის შუა რიცხვებიდან ახალდგახსნილი ტელევიზია გეგმავს სხვადასხვა ტოქშოუს მომზადებას ბიზნეს გარემოზე, ეკონომიკასა და სოციალურ საკითხებზე.

გრიგოლიასთან დაკავშირება Media.Ge-მ ვერ მოახერხა.