მიხეილ სააკაშვილი - მე ვარ პირველი ლიდერი დსთ-ს სივრცეში, რომელმაც რუსეთს თავი არ დაუხარა

მიხეილ სააკაშვილი - მე ვარ პირველი ლიდერი დსთ-ს სივრცეში, რომელმაც რუსეთს თავი არ დაუხარა

მე ვარ პირველი ლიდერი დსთ-ს სივრცეში, რომელმაც რუსეთს თავი არ დაუხარა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთს თავს უხრიდა შევარდნაძე, თუმცა "კარგი ჩიტი ვერც მან დაიჭირა".

"ყველაფერზე ხელი მოაწერინეს და არაფერი მისცეს. აღადავებდნენ და ამაიმუნებდნენ და მან ეს ყლაპა. კრავის როლიდან რომ გამოხვიდე, მგელზე დიდი კბილები, თავხედობა და ბოროტება უნდა გქონდეს. ჩვენ ყოველთვის გვყავდა დიდი დამპყრობლები და გვქონდა იმის ცდუნება, რომ ენის მოჩლექით გველაპარაკა, თუმცა მე ასე არ მოვიქეცი", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის მოთხოვნას ვალერი ხაბურძანიას უშიშროების მინისტრად დანიშვნის შესახებ მისი მოხსნით უპასუხა და არც ოფიციალური მოსკოვის სხვა სურვილები შეუსრულებია.

"ოკუპაციას ყოველთვის მოჰყვება დეოკუპაცია, რუსეთი კი პრაქტიკულად ისტორიულ ჩიხში შევიდა. უნდა გვესმოდეს, რომ მტერი მტერია და სტილი ყველა დამპყრობელს ერთი აქვს. რუსეთი კი შაჰ-აბასის აღა-მაჰმად ხანის და სხვათა კლასიკური მაგალითია. ჩვენ არასოდეს უნდა ვიყოთ აგრესიულები, თუმცა თავიც არ უნდა მოვიტყუოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.