მიხეილ სააკაშვილი - საქართველო ომისთვის მზად არ იყო

მიხეილ სააკაშვილი - საქართველო ომისთვის მზად არ იყო

საქართველო მზად არ იყო ომისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2-თან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ საქართველო მზად არ იყო, ეს რუსეთმა ძალიან კარგად იცოდა. "ამ დროს ჩვენი ყველაზე ბრძოლისუნარიანი ბრიგადა იყო ერაყში. ჩვენ არ ვიყავით მზად ომისთვის. ჩვენ ამ დროს არ გვაქვს საჰაერო სისტემა საკმარისი. რაფაელის სისტემები გვქონდა ნაყიდი ისრაელიდან და ჩამოდიოდა წლის ბოლოს და გადაგვიფარავდა მთელ ცას. ჩვენ 200 დანადგარი გვქონდა შეკვთილი ბულგარეთში, რომელიც იქნებოდა ძალიან მაგარი დახმარება. გზაში იყო სამხედრო-საველე ჰოსპიტალი, რომელიც მოდიოდა გერმანიიდან და შემდეგ მათ უკან წაიღეს. ამერიკელებთან ბოლო ეტაპზე ვიყავით მოლაპარაკების და შეთანხმება გვქონდა, რომ სტინგერებს მოგვცემდნენ. რუსებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამდენი რაღაცა გვაკლდა. ისტერიულად ვემზადებოდით, მაგრამ დრო არ იყო საკმარისი", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს მისთვის მანდატი იმისთვის არ მიუცია, რომ დანებდეს.

"ქართველ ხალხს არ მოუცია ჩემთვის მანდატი თუნდაც უიმედო ბრძოლაში მტერთან ჩაბარების და სრული კაპიტულაციის გამოცხადებისთვის. ეს იყო, რა თქმა უნდა, რთული ბრძოლა, მაგრამ საბოლოო ჯამში ისტორია განგვსჯის ჩვენ, რადგან ქართული სახელმწიფოებრიობა ჩვენ გადავარჩინეთ. ასე რომ, იყო თუ არა აცილებადი ეს ომი, როგორც ფინეთი, ჩეხოსლოვაკია, ლიტვა, ავღანეთი, პოლონეთი ვერ აიცილებდნენ, ისე ვერ ავიცილებდით ჩვენც. ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელიც მთლიანად ვერ დაიპყრო, თუმცა მათ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის უკუპაცია მოახდინეს", - აღნიშნა სააკაშვილმა.