მიხეილ სააკაშვილმა პუტინი საერთაშორისო თანამეგობრობის მისამართით უცენზურო რიტორიკის გამოყენებაში

მიხეილ სააკაშვილმა პუტინი საერთაშორისო თანამეგობრობის მისამართით უცენზურო რიტორიკის გამოყენებაში "ამხილა"

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო თანამეგობრობის მისამართით უცენზურო რიტორიკის გამოყენებაში "ამხილა". როგორც მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა, ორჯერ სცადა მედვედევთან დარეკვა, რათა შეხვედრაზე შეთანხმებულიყვნენ, თუმცა ყოველთვის პუტინი პასუხობდა.

"პირველად, როდესაც პუტინმა აიღოO ყურმილი, მკითხა, მედვედევს რას ურეკავ, ჩემთან არ გაქვს საქმეო? მეორედ რომ დავურეკე საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკულ განცხადებებზე მივუთითე, პუტინისგან წამოვიდა ირონიულიი პასუხები – როგორ დაგმეს რუსეთიო. ბუშის პრესმდივნის განცხადებაც წაუკითხავს. პუტინმა თქვა, ვფიქრობ, ბევრი ქაღალდი დაგროვდაო და ეგ ქაღალდები დაახვიონ და ერთ ადგილზე რომ გაიკეთონო", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ამ საუბრის შესახებ მეორე დღეს ბუშმა ყველაფერი იცოდა, რადგან აღმოჩნდა, რომ "ამერიკელები ყველაფერს უსმენდნენ".

მისივე განმარტებით, მედვედევი კარგა ხნის განმავლობაში ემალებოდა, მის ტელეფონს კი მშობელივით მუდმივად პუტინი პასუხობდა. მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა, რომ ბოლოს რუსეთის პრეზიდენტს ყაზახეთში, ასტანას და პრეზიდენტ ნაზარბაევის იუბილეზე, 6 ივლისს შეხვდა.

"ახალი ობიექტების დათვალიერებისას დავდევდი მედვედევს და ის მემალებოდა – გარბოდა, როგორც შეყვარებული გაგირბის. ბენკეტის შემდეგ მონაკოს ღამის კლუბში წავედით. მედვედევი გავიდა და ცეკვავდა მოედანზე, შუა აზიის ლიდერები გაფართოებული თვალებით უყურებდნენ. მეც შევყევი საცეკვაო მოედანზე, დავავლე ხელი და გამოვიყვანე. დავადე ხელი მუხლზე, რომ არ გაქცეულიყო სოჭში შეხვედრაზე დაველაპარაკე. მითხრა, მე ძალიან მომწონხარო, ერთი ასაკის ვართ, ერთი განათლება გვაქვს, ერთი მუსიკა მოგვწონსო, მაგრამ მოსკოვში თამაშის სხვა წესებიაო და მათ მე არ ვაწესებო. ვუთხარი, რომ ყოველდღე პროვოკაციებია და უარესი სიტუაცია წარმოუდგენელია-მეთქი და მან მიპასუხა, ძალიან ცდებიო. დაინახავ, რომ ძალიან მალე ბევრად უარესი იქნებაო. შემდეგ მიხვდა, რომ ზედმეტი თქვა და სადღაც გაიქცა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამგვარ გულწრფელობას არ ელოდა და მაშინვე "ფერი ეცვალა", რაც პრეზიდენტმა ნაზარბაევმაც შენიშნა.