მიხეილ სააკაშვილი - პუტინმა

მიხეილ სააკაშვილი - პუტინმა "უხეშად გამაფრთხილა", რომ ჩრდილოეთ კვიპროსის მსგავს სცენარს მომიწყობდა

საქართველო-რუსეთის ომის რუსეთის გარდაუვალი აუცილებლობა არ იარსებებდა, თუ საქართველო არ იარსებებდა, როგორც სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თუ საქართველო 2004 წლიდან მოყოლებული რუსეთის პირობებს შეასრულებდა, იგორ გიორგაძე, ვარდიკო ნადიბაიძე და სხვა "რუსეთის აგენტები" გააკონტროლებდნენ ყველაფერს, პრობლემა არ შეიქმნებოდა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, როდესაც მოხდა "ვარდების რევოლუცია", რუსეთი შეშინდა, რადგან მოგვიანებით მოსკოვშიც წარმოიქმნა საპროტესტო ტალღა და ამიტომ გივი თარგამაძესაც ვლადიმერ პუტინი დღემდე "პირად მტრად" მიიჩნევს.

"რუსეთის აგენტების მიერ მართულ საქართველოზე რუსეთს სამხედრო შეტევა არ დასჭირდებოდა, რადგან ასეთი საქართველო საკუთარ თავს თვითონ უტირებდა ყოფას და გამოუყვანდა წირვას", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც პუტინს "აჭარა წაართვა", როგორც მგელს კრავმა, დაურეკა და მადლობა გადაუხადა აჭარის საქართველოში რეინტეგრაციისთვის კონსტრუქციული როლისთვის.

"მან მითხრა, რომ აჭარაზე დაგვეხმარნენ, მაგრამ აფხაზეთსა და ცხინვალზე იმავეს ვერ მივიღებდით. პირდაპირ მითხრა – შენ მე ერთხელ გამაცურე, მაგრამ შენი მოსატყუარი კბილი მოცვლილი მაქვს და ამას ვეღარ ეღირსებიო", - აღნიშნა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა დსთ-ს სამიტზე პუტინთან პირისპირ შეხვედრაც გაიხსენა, რომელმაც, მისი თქმით, "უხეშად გააფრთხილა", რომ ჩრდილოეთ კვიპროსის მსგავს სცენარს მოუწყობდა.

"ჩრდილოეთ კვიპროსი ნიშნავს, რომ ვითომ შენ იწყებ ომს, შემდეგ ის გპასუხობს, შენს ტერიტორიებს იპყრობს და აღიარებს მათ დამოუკიდებლობას. მე მასთან მშვიდად დალაპარაკებას ვცდილობდი. მართალია, რუსულ მედიაში ხშირად ავრცელებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მაგრამ მე არასოდეს დავლაპარაკებივარ პუტინს უხეშად", - აღნიშნა სააკაშვილმა.