მიხეილ სააკაშვილი - რუსეთი საბჭოთა კავშირზე ბევრად უფრო ცუდად დაამთავრებს

მიხეილ სააკაშვილი - რუსეთი საბჭოთა კავშირზე ბევრად უფრო ცუდად დაამთავრებს

რუსეთი საბჭოთა კავშირზე ბევრად უფრო ცუდად დაამთავრებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2 -თან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადება მავთულხლართების გაბმაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლზე, ტყუილი და ცინიზმია.

"მე ვმსახურობდი საბჭოთა კავშირის სასაზღვრო ჯარში. მე ვმსახურობდი ზაკარპატიეში, რომელიც საბჭოთა კავშირმა წაართვა უნგრეთს. საბჭოთა კავშირს იმის ცინიზმი მაინც არ ქონდა, რომ ეთქვა, ჩვენ რა შუაში ვართ, ზაკარპატიეში არის ადგილობრივი ხელისუფლება, ჩაიყვანეს ჩემნაირი ქართველები, უფროსი სერჟანტი სააკაშვილი და დააყენა თავის მშობლიურ უნგრეთის საზღვარზე.

ზაკარპატიეს მოსახლეობა რუსებს ოკუპანტებად უყურებდნენ, ქართველებზე კი ამბობდნენ, რომ ჩაგრული ხალხიაო. ჩაყავდათ ქართველები, მოლდოველები, ჩრდილოკავკასიელები. საბჭოთა კავშირიც კი არ ამბობდა, რომ ადგილობრივი "აბკომი" აკონტროლებს სასაზღვრო ჯარს. საბჭოთა კავშირმა ცუდად დაამთავრა. ესენი ბევრად უფრო ცუდად და ჩქარა დაამთავრებენ ამდენი ტყუილის და ცინიზმის შემდეგ", - განაცხადა სააკაშვილმა.