მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობას მგლისა და კრავის ურთიერთობას ადარებს

მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობას მგლისა და კრავის ურთიერთობას ადარებს

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობას მგლისა და კრავის ურთიერთობას ადარებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა, დიმიტრი მედვედევმა გუშინ კიდევ ერთხელ ღიად ისაუბრა რუსეთის დოქტრინაზე. "რუსეთის დოქტრინის თანახმად, პირველ რიგში უნდა შევეგუოთ, რომ ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი აღარ არის, არასოდეს შევალთ ნატო-ში და თუ ევრაზიულ კავშირში შევალთ, რუსეთმა შეიძლება უკეთესი თვალით შემოგვხედოს. ყველა ერი თვითონ ირჩევს თავის ბედს და ახლა ჩვენ ვართ არჩევანის წინაშე. თუ ქართველ ერს სურს უარი თქვას თავის ტერიტორიაზე და მომავალ განვითარებაზე, მაშინ გარკვეული შესაძლებლობები რუსეთთან არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრავმა შეიძლება მოილაპარაკოს მგელთან?!", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს მუდმივად ესაუბრებოდა სიტყვებით – "ჩემო საყვარელო მგელო, ჩემო ლამაზო, ჩემო სიმპატიურო"...

"ვეუბნებოდით, პატარა ცხვარი ვართ, ჩვენთვის ვიქნებით, არ აგიშლით ნერვებს, თქვენს მგლურ ბუნებას არ შევეწინაღმდეგებით ოღონდ არ შეგვჭამოთ, თქვენ ზევითა ხართ, ჩვენ ქვევით, როგორ აგიმღვრევთ წყალსაო, მაგრამ არ ჭრის – დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი. ამიტომ აღარ უნდა შეხვიდე დისკუსიაში. თუ გვინდა, რომ ჩვენი ქართული ოცნება იყოს ის, რომ მგელი გადმოგვხედავს კეთილი თვალით, ეს არის თავის მოტყუება", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ლიდერებმა არც თავი უნდა მოიტყუონ და არც ერი უნდა მოატყუონ.
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რუსეთი მუდმივად ცდილობს, საქართველო დაპირებების და სიცრუის ერთსა და იმავე წრეზე ატაროს, რის შემდეგაც ნელ-ნელა "ჩაითრევს".

"სამხრეთ ოსეთი, როგორც სუბიექტი, რუსეთმა პრაქტიკულად გააქრო – ცხინვალში მოსახლეობა აღარ დარჩა, იქ იმყოფება მხოლოდ საოკუპაციო ჯარი. აფხაზეთში 30% არის აფხაზები. ჩვენ მათთან გახსნილი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, მაგრამ ზღაპრები, რომ რუსეთი არაფერ შუაშია, არის ერთსა და იმავე წრეზე სიარული. ამას აჭმევდნენ შევარდნაძეს. ეს იმ მეთოდს ჰგავს, კახეთში ცნობილ კახურ ცხოველს თივას რომ უკიდებენ და ისიც მიჰყვება, თუმცა ამ ცხოველისგან განსხვავებით ჩვენ ვართ ერი და თუ ერის ლიდერებს არ ეყოთ სიბრძნე და გონიერება, ერმა მათი შეცდომებით უნდა ისწავლოს. ჩემი მთავრობა ამაზე არასოდეს წამოეგებოდა", - აღნიშნა სააკაშვილმა.