გიგი უგულავა თინა ხიდაშელს სიცრუეში ადანაშაულებს

გიგი უგულავა თინა ხიდაშელს სიცრუეში ადანაშაულებს

თბილისის მერი გიგი უგულავა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს თინა ხიდაშელს სიცრუეში ადანაშაულებს და აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართვას  ავრცელებს. მიმართვას  უცვლელად გთავაზობთ:

"ქალბატონ თინას ცილისწამების უცნაური ფორმა აქვს არჩეული, ჯერ ადამიანს ბრალს სდებს და იქვე ამბობს, რომ ფაქტებს ახლა სწავლობს და გვარებს მოგვიანებით დაასახელებს. რა მნიშვნელობა აქვს ქაბატონო თინა, ბრალი ხომ დასდეთ, ეხლა სხვამ იდარდოს და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. მინდა მარტივად და ლაკონურად გითხრათ: თქვენ იტყუებით და თან ურცხვად, ეს კი მხოლოდ თქვენი პრობლემაა. საზოგადოებამ იხილა, რომ გუშინ მე აბსოლუტურად კონსტრუქციულად, თანამშრომლობის რეჟიმში, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, დავაყენე საკითხები და საკრებულოს უმრავლესობას შევთავაზე მსჯელობა პრობლემის მოსაგვარებლად, პასუხად კი ვიღებთ ღვარძლსა და ცილისწამებას. ჩემთვის ორმაგად გასაკვირია, რომ ქალბატონი თინა ხიდაშელისა და ირაკლი შიხიაშვილის რიტორიკა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. გასაკვირია რა მოხდა და ასე რამ დაამსგავსა ისინი ერთმანეთს," – აღნიშნულია მიმართვაში.

თინა ხიდაშელმა დღეს განაცხადა, რომ თბილისის მერის მხრიდან მოთხოვნა, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ბაგა- ბაღებისთვის ფული მისცეს, უკანონოა.

"იმისათვის, რომ ასეთი მოთხოვნა   გაგიჩნდეს, პირველ რიგში, იმ საბავშვო ბაღების ბედი უნდა გააგებინო თბილისელებს, რომელიც სრულიად უკანონოდ გაყიდა თბილისის მერიამ და მათი უმრავლესობა მერიის მაღალჩინოსნების ხელშია. ამ საკითხის ასე წარმოჩენა, რომ ასე ზრუნავს ბავშვებზე და გაგიჟებულია, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა რის გამოც ამომრჩეველმა უარი უთხრა ამ ხალხის ტყუილს და ცინიზმს. გაცილებით მეტი ფული აქვს თბილისის მერიას ამ საქმეში დასახარჯად", - აღნიშნა ხიდაშელმა.