ირაკლი ალასანია:  ოკუპაცია დღესაც გრძელდება

ირაკლი ალასანია: ოკუპაცია დღესაც გრძელდება

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, აგვისტოს ომი ეს იყო რუსეთის აგრესიული ომი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ და დღესაც გრძელდება ოკუპაცია. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს მთაწმინდის პარკში ჟურნალისტებთან განაცხადა.

ალასანიას თქმით, გაერთიანებულ შტაბში შექმნილი კომისია უკვე სწავლობს და აანალიზებს არა მხოლოდ აგვისტოს ომს, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო წლებში განხორციელებულ სამხედრო მოქმედებეს. ალასანია აცხადებს, რომ კომისიის მუშაობის შედეგები მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც კომისია მუშაობას დაასრულებს.

"სპეციალური კომისია შეიქმნა. ეს კომისია არა მხოლოდ აგვისტოს ომის ანალიზს, არამედ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ბოლო წლებში განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებს სწავლობს და აანალიზებს ტაქტიკურ-ოპორატიულ დონეზე, ასევე სტრატეგიული გადაწყვეტილებების ანალიზიც მოხდება და ეს გახდება საფუძველი ჩვენი სწორი თავდაცვითი სტრატეგიის შესამუშავებლად. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ მომავალში ასეთი შეცდომები აღარ გავიმეოროთ. მე ვერ დავასწრებ მოვლენებს, უნდა დაასრულოს ამ კომისიამ შესწავლა და შემდეგ ხელმისაწვდომი იქნება შედეგები საზოგადოებისათვის. ამ კომისიის მიზანი არის სამხედრო ასპექტების შესწავლა, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები ოპერატიულ-ტაქტიკურ და სტრატეგიულ დონეზე, რა ვერ შეძლო ქართულმა შეარაღებულმა ძალებმა და რა იყო ამის მიზეზი. თუკი გამოვლინდა კონკრეტული ბრალეულობა, ამას უკვე სამართალდამცავები განიხილავენ. კითხვაზე- თუ ვინ დაიწყო ომი და როგორ დაიწყო ომი, ამაზე პასუხი გაცემული აქვს საქართველოსაც და საერთაშორისო თანამეგობრობასაც. ეს იყო რუსეთის აგრესიული ომი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ და დღესაც გრძელდება ოკუპაცია. ამ საკითხებში სიცხადე არსებობს როგორც ჩვენში ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ამასთან, თავდაცვის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომისიის მუშაობაში და კონკრეტული საკითხების განხილვაში ექსპერტებიც ჩაერთვებიან.