ჩვენ ღია ვართ აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობასთან და მათ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებისთვის

ჩვენ ღია ვართ აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობასთან და მათ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებისთვის

მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს არის რუსეთ - საქართველოს კონფლიქტი და ამ პრობლემების განხილვა ჟენევის ფორმატში გაგრძელდება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან დღეს მთაწმინდის პარკში განაცხადა. 

მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობასთან და მათ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის და ადამიანური ურთიერთობების აღდგენისათვის, თუმცა პოლიტიკური ასპექტი მხოლოდ ჟენევის ფორმატში განიხილება.

"ჩვენ ღია ვართ აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობასთან და მათ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის, ჩვენ გვინდა მათთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება. კავშირები აღდგება ადამიანური და უკვე მიმდინარეობს ეს პროცესი. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, რაც უკავშირდება საზღვარს და სახელმწიფოებრივი ნიშნების შემცველ საკითხებს, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს არის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, ჟენევის ფორმატში ეს პრობლემები განიხილება და გაგრძელდება განხილვა ასეთ ფორმატში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ცხინვალის მოსახლებასთან პიირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის აუცილებლობის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

"აუცილებელია პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება, სხვაგვარად ამის მიღწევა შეუძლებელია. შეუძლებელია მუდამ დიდ ქვეყნებზე აპელირება –ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თუ რუსეთის ფედერაცია – რათა გადაწყდეს ეს კონფლიქტი. შეხედეთ, როგორ ხდება სხვა, ძალიან რთული კონფლიქტების გადაჭრა. ისინი არასოდეს არ წყდება არც ვაშინგტონში, არც მოსკოვში, ისინი ყოველთვის ადგილზე წყდება. ამიტომ უნდა მოიკრიბოთ ვაჟკაცობა და დაიწყოთ პირდაპირი კონსულტაციები – ლტოლვილების ბედზეც, ძალის გამოუყენებლობის რეჟიმზეც, რასაც, სამწუხაროდ, ქართული მხარე თავს არიდებს. ასევე სხვა საკითხებზე, მითუმეტეს, რომ მთელი რიგი ეკონომიკური პრობლემების მხრივ საერთო ჯამში სიტუაცია გაუმჯობესდა. მე მგონი, ესეც ბოლო რამდენიმე წლის მნიშვნელოვანი შედეგია", - განაცხადა რუსეთის პრემიერმა..