ირაკლი ალასანიამ ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებს მედალიონები წარწერით

ირაკლი ალასანიამ ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებს მედალიონები წარწერით "მამაჩემი გმირია" გადასცა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ძნელაძემ, დღეს მთაწმინდის პარკში, აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებს უმასპინძლეს. 

სამინისტროს ორგანიზებით, მთაწმინდის პარკის რესტორანში მიღება გაიმართა, სადაც ბავშვებს საჩუქრები გადასცეს და მედალიონები წარწერით "მამაჩემი გმირია", რის შემდეგაც ბავშვებმა პარკში ატრაქციონებზე გადაინაცვლეს.

"დღევანდელ დღეს, არა მარტო გმირებს ვიხსენებთ, არამედ მოვალეობას ვიხდით მათი ოჯახების წინაშე. ჩვენი ვალია მათ შევუქმნათ ის გარემო, სადაც ღირსეული ქვეყნის შვილები დაიზრდებიან. მათი ჯანმრთელობა, მათი განათლება, სოციალური უზრუნველყოფა, სახელმწიფოს და საზოგადოების მოვალეობაა. ამ ბავშვებს ჰყავდათ გმირი მამები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ღირსეული პირობები შევუქმნათ", - განაცხადა ალასანიამ.

ამასთან, თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილების საზაფხულო დასვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ასევე მათთვის განათლების ხარჯებსაც სახელმწიფო გაიღებს.