ირაკლი ალასანია:  რუსეთის პოლიტიკაში, ჯერჯერობით სიახლე არ არსებობს

ირაკლი ალასანია: რუსეთის პოლიტიკაში, ჯერჯერობით სიახლე არ არსებობს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დიმიტრი მედვედევს თავის განცხადებებში ახალი არაფერი უთქვამს და რუსეთის რიტორიკა იგივეა. ამასთან დაკავშირებით განცხადება ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან მთაწმინდის პარკში გააკეთა. 

"ჩემი აზრით, ზედმეტი ემოციური აჟიოტაჟი გამოიწვია მედვედევის ამ განცხადებებმა. მასში სიახლე მე ვერაფერი ვერ ამოვიკითხე. დიპლომატიური ბრძოლის ხაზი გადიოდა გაეროში, სადაც მე ვმუშაობდი ხუთი წლის წინ. ზუსტად ასეთივე რიტორიკა იყო მაშინ, უნდოდათ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა, აღმოჩნდა, რომ რუსეთი აღმოჩნდა საერთაშორისო იზოლაციაში, ჩაუვარდათ აღიარების პოლიტიკა. ეს ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო თანამეგობრობა გვერდში უდგას საქართველოს და იზიარებს ჩვენს პოზიციას და არა - რუსეთისას. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, სიახლე ამ განცხადებებში, მათ პოლიტიკაში ჯერჯერობით არ არსებობს", - აცხადებს ირალი ალასანია.

ამასთან, თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ აუცილებელია გაგრძლედეს ყველა მცდელობა, რომ მოხდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება.

ირაკლი ალასანია დიმიტრი მედვედევის იმ განცხადებასაც ეხმაურება, რომელიც ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხს ეხებოდა. მისი თქმით, საქართველოს სწრაფვას და დაახლოებას ნატოსთან ვერავითარი განცხადება ხელს ვერ შეუშლის.

"ვიზიარებ პოზიციას, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველა მცდელობა, რომ მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზება, პირველ რიგში, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, ჩვენი კონფლიქტი ალბათ ძალიან მტკვნეულად კიდევ დიდხანს დარჩება ორ ქვეყანას შორის უდიდეს პრობლემად, ვიდრე რუსეთის ფედერაცია არ მივა დასკვნამდე, რომ მათ მოუწევთ აღიარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სარკოზისთან მიღწეული შეთანხმების ბოლომდე შესრულება, ვიდრე არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას საოკუპაციო ჯარები. თავდაცვის სამინისტრო ვაგრძელებთ განვითარებას, ნატოს სტანდარტებთან მიახლოებას, აქედან გამომდინარე, ვერანაირი განცხადება ჩვენს სწრაფვას და პრაქტიკულ დაახლოებას ნატოსთან და საბოლო ჯამში გაწევრიანებას, წინ ვერ დაუდგება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.