მთავრობა ირწმუნება, რომ ყველა ვალდებულება და მაჩვენებელი შესრულდება

მთავრობა ირწმუნება, რომ ყველა ვალდებულება და მაჩვენებელი შესრულდება

უმრავლესობამ მთავრობის ეკონომიკური გუნდიდან მიიღო გარანტია იმისა, რომ მიმდინარე წლის მაჩვენებლები და ყველა ვალდებულება, რაც სახელმწიფოს გააჩნია , შესრულდება. ამის თაობაზე ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ფინანსთა, ეკონომიკისა და რეგიონალური განვითარების მინისტრებთან შეხვდრის შემდეგ განუცხადა. მინისტრებს უმრავლესობა დახურულ ფორმატში შეხვდა. 

"ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ახალი ინვესტიციები იგეგმება და რა პროცესშია პროექტები. უახლოეს ხანებში ამ თვალსაზრისით სერიოზულ გააქტიურებას ველით", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ "არანაირად კატასტროფული მდგომარეობა არ არის და მომავლის პერსპექტივა საკმაოდ დადებითია".

"დაბალი მონაცემები გამოწვეულია კონკრეტული შედეგებით. ეს შედეგები არის როგორც შიდა, ისე - გარე. არანაირად კატასტროფული მდგომარეობა არ არის. მომავლის პერსპექტივა საკმაოდ დადებითია. ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ პოლიტიკური დაძაბულობა ჯანსაღ ოპონირებაში გადავიდეს და დაძაბულობის ფონი მოიხსნას", - განუცხადა ჟურნალისტებს კვირიკაშვილმა.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით კი, ბიუჯეტის მხრივ არანაირი პრიბლემა არ არის და ყველა სოციალური ვალდებულება დაფინანსდება - მათ შორის გაზრდილი ვალდებულებები.