ციხეების დირექტორების მოხსნა-დანიშვნა სამინისტროს პრეროგატივაა და შიმშილობით ვერაფერი გადაწყდება

ციხეების დირექტორების მოხსნა-დანიშვნა სამინისტროს პრეროგატივაა და შიმშილობით ვერაფერი გადაწყდება

ციხეების დირექტორების მოხსნა-დანიშვნა სამინისტროს პრეროგატივაა და შიმშილობით ვერაფერი გადაწყდება, _ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. 

მინისტრი ქალთა მე-5 დაწესებულებაში 45 პატიმრის მიერ შიმშილობის დაწყებას გამოეხმაურა, რომლებიც დაწესებულების დირექტორის სალომე ჯანელიძისა და მისი მოადგილის ნინო მაისურაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ. 

სოზარ სუბარის თქმით, ნებისმიერ დანიშვნას, ისევე როგორც ნებისმიერ მოხსნას გარკვეული წინააღმდეგობები მოყვება და ადამიანთა ერთი ჯგუფი დანიშვნას აპროტესტებს, მეორე ჯგუფი კი მოხსნას, რაც გაასაგებია და ეს ჩაკეტილი სისტემისთვის დამახასიათებელი სიტუაციაა. 

"ციხეეების დირექტორების, მოადგილეების თუ ნებისმიერი თანამდებობის პირის მოხსნა-დანიშვნა სამინისტროს პრეროგატივაა და არა სხვა ვინმესი. შიმშილობით ვერაფერი ვერ გადაწყდება" , _ აღნიშნა სოზარ სუბარმა. 

მისივე თქმით, ქალთა მე-5 დაწესებულების ყოფილი დირექტორი სალომე ჯანელიძე არსად არ დანიშნულა. 

რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა მინისტრი მოშიმშილე პატიმრების მონახულებას, როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ის იმას გააკეთებს რასაც საჭიროდ ჩათვლის. 

სასჯელაღსრულების გარდაბნის # 5 ქალთა დაწესებულებაში 45-მა პატიმარმა შიმშილობა დღეს გამოაცხადა. პატიმრების პროტესტის მიზეზი დაწესებულების დირექტორის სალომე ჯანელიძისა და მისი მოადგილის ნინო მაისურაძის თანამდებობიდან გათავისუფლებაა. პატიმრები მათ თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ.