საქართველოს მთავარი პროკურატურა სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს დავით კირვალიძეს ფარულად უსმენდა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებულების ადვოკატმა, ლევან სამუშიამ განუცხადა.
მისი თქმით, პროკურატურა ამჟამინდელი მინისტრის, შალვა ფიფიას მოსმენასაც ითხოვდა, თუმცა მასთან მიმართებაში შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
"საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 27 ივნისს მიმართა შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ფარული მოსმენის ნება დაერთო სასამართლოს საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი და ყოფილი წევრების მიმართ. კერძოდ, ეს პირები არიან სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი შალვა ფიფია, მისი მოადგილეები დავით შერვაშიძე და დავით გალეგაშვილი, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე და სხვა პირები – გიორგი ჩხეიძე, კონტანტინე ხუცაიძე, ხვიჩა გოჭოშვილი და გიორგი მარდალეიშვილი. 27 ივნისსვე სასამართლომ განიხილა ეს შუამდგომლობა და არ დააკმაყოფილა შალვა ფიფიას, დავით შერვაშიძის და გიორგი მარდალეიშვილთან მიმართებაში, ხოლო დავით კირვალიძესთან და სხვა პირებთან მიმართებაში დააკმაყოფილა. სასამართლომ ერთი თვით მისცა ნება მოესმინათ ფარულად ზემოთხსენებული პირების ტელეფონის ნომრებზე. ეს საქმის მასალები ჩვენ გადმოგვცა გამოძიებამ საქმის გაცვლის დროს, მაგრამ აღსანიშნავია ერთი ფაქტი, რომ ვიზეც იყო ნებართვა გაცემული, მათი ფარული ჩანაწერები არ გადმოუციათ. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ არანაირი კრიმინალური და ბრალეული საუბრები არ ყოფილა და არც შეიძლება ყოფილიყო, ვინაიდან არანაირი დანაშაული არ არის ჩადენილი. მოტივი გამოძიებას ამ მოსმენების იყო ის, რომ იქნებ მცირეოდენი მტკიცებულება მაინც მოეპოვებინათ, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს, მისი მოპოვება შეუძლებელია", - განაცხადა ლევან სამუშიამ.
მისივე თქმით, სასამართლომ პროკურატურას ერთთვიანი პერიოდი (27 ივნისი – 27 ივლისი) მისცა დავით კირვალიძის მოსასმენად.
ამ თემაზე ექსკლუზიური სიუჟეტი ტელეკომპანია "მეცხრე არხმა" მოამზადა.