პარლამენტმა პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდის საკითხი დაამტკიცა

პარლამენტმა პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდის საკითხი დაამტკიცა

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი.

საკითხი დღეს, დღის პირველ ნახევარში, მეორე მოსმენით განიხილეს და მიიღეს. დღესვე 86 ხმით, ერთხმად, მესამე მოსმენით კანონპროექტი დაამტკიცეს.

კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობაში მონაწილე პარტიებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის მუშაობა გაგრძელდება. მან ის კონკრეტული მიმართულებებიც დაასახელა, სადაც ცვლილებები უნდა შევიდეს.

"მადლობა უნდა ვუთხრა, ინტერფრაქციულ ჯგუფში მომუშავე ყველა პირს, 23-ვე პარტიას, ვინც პროცესში მეტ-ნაკლებად ჩართული იყოს. მინდა გითხრათ, რომ ოთხი მიმართულებით, რაზეც ავიღეთ ვალდებულება მუშაობის დაწყებისას, პროგრესი მიღწეულია და ამის უარყოფა ობიექტურ და სამართლიან ადამიანს, გაუჭირდება. თუმცა მინდა ვთქვა, რომ სრულყოფილი, სამართლიანი საარჩევნო გარემოს მიღწევისთვის, ასევე შესაცვლელია წინასაარჩევნო კამპანიის დროს მედიის როლთან დაკავშირებული საკითხები, საარჩევნო სისტემის საკითხი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია კონსტიტუციურ რეფორმასთან. კონსტიტუციური რეფორმიდან გამომდინარე, ასევე მოსაწესრიგებელია საარჩევნო ადმინისტრაციის, ანუ კომისიების საკითხი იმისთვის, რომ არსებული მოდელი პარტიული წარმომადგენლობის მხრივ, უკეთესი გახდეს. ასევე სასამართლო რეფორმის კვალობაზე, შეიძლება ვიფიქროთ, საარჩევნო დავების განხილვის საკითხთან მიმართებაში, იმისთვის, რომ კარგად გავიაზროთ, საარჩევნო დავების თემა რომელი ინსტანიციის სასამართლოებში შეიძლება იქნას წარმოებული - ამისთვის საჭიროა სპეციალიზირებული სასამართლო, თუ განხილვა საერთო სასამართლოებში მოხდეს. აი, ამ დარჩენილ საკითხებზე პოზიციების შეჯერების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ჯამში, საარჩევნო გარემო თვისობრივად გაუმჯობესებულია", - განაცხადა ქუცნაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, განხილვის დასრულებისას.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, საბაზისო დაფინანსება - 300 ათასი ლარის ოდენობით ეზრდებათ ბიუჯეტიდან პარტიებზე გასანაწილებელი თანხების მიმღებ პოლიტიკურ გაერთიანებებს. დამატებით 300 ათასს ლარს ის პარტიები მიიღებენ, რომელთაც პარლამენტში ფრაქცია გააჩნიათ. ამასთან, 1 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილე შვიდი საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი, რომლებიც პარლამენტში წარმოდგენილი არ არის, ერთჯერადად 150 ათასს ლარს მიიღებს.

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებები 18 პოლიტიკურ გაერთიანებას შეეხება. აქედან 14 ე.წ. კვალიფიციური სუბიექტია, რომელთაგან შვიდი საბიუჯეტო დაფინანსებას 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით იღებს, დანარჩენი შვიდი კი - 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე.

ამასთან, გასულ კვირას პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში ოთხ კანონპოექტად ინიცირებული ცვლილებები შეიტანა. ცვლილებები შევიდა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონშიც.