ბარაქ ობამა სანქტ-პეტერბურგში

ბარაქ ობამა სანქტ-პეტერბურგში "დიდი ოციანის" სამიტს დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, სანქტ-პეტერბურგში გასამართ "დიდი ოციანის" სამიტს დაესწრება, მიუხედავად იმისა, რომ იმედგაცრუებულია რუსეთის მიერ ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემით. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. 

გამოცემის ინფორმაციით, ბარაქ ობამას არ დაუკონკრეტებია, შეხვდება თუ არა ის პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლება დროდადრო კვლავ უბრუნდება "ცივი ომის" საკითხს.

"პრეზიდენტ პუტინს ვეუბნები, რომ ეს წარსულია და ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ. არ არსებობს მიზეზები, რის გამოც ჩვენ ვერ შევძლებთ უფრო ეფექტურად თანამშრომლობას, ვიდრე ახლა ვთანამშრომლობთ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

ბარაქ ობამამ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ში არ არსებობს პირადი საუბრების მოსმენისა და ამერიკელი მოქალაქეების მიმოწერის თვალთვალის სისტემა. 

"ჩვენ გვაქვს მხოლოდ რამდენიმე მექანიზმი, რომელიც სატელეფონო საუბრის მოსმენისა და ელექტრონული ფოსტის თვალთვალის შესაძლებლობას გვაძლევს, თუ ეს რაიმე სახის ტერორისტულ მუქარასთანაა დაკავშირებული", - განაცხადა ბარაქ ობამამ.

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს ედვარდ სნოუდენს რუსეთმა დროებითი თავშესაფარი გასულ კვირას მისცა.