საბავშვო ბაღებში გადასახადების ამკძალავი კანონპროექტი

საბავშვო ბაღებში გადასახადების ამკძალავი კანონპროექტი "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც მუნიციპალური საბავშვო ბაღების მთლიანად სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლას ითვალისწინებს, გამოქვეყნდა . 

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" და "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ" კანონებში განხორციელებული ცვლილებები "საკანონმდებლო მაცნეში" პრეზიდენტის ხელმოწერით გამოქვეყნდა, თუმცა მიღებული ცვლილებების ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრი.

აღნიშნულ ორ კანონში პირდაპირ ჩაიწერა, რომ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება, აკრძალულია.

ამასთან, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით განისაზღვრა, რომ სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი პროგრამის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები: იქმნება 2 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და კომპლექტდება ჯგუფებად, ასაკის გათვალისწინებით; მომსახურების ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება იყოს 9-საათიანი, 10-საათიანი ან 12-საათიანი, 2 დღის დასვენებით 5-დღიან სამუშაო კვირაში.

ასევე კანონში გაიწერა, რომ ისინი უნდა ახორციელებდნენ საგანმანათლებლო, სახელოვნებო და ფიზიკური აღზრდის სპეციალურ პროგრამებს. პროგრამა შედგენილი უნდა იყოს ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით თითოეული ასაკობრივი ჯგუფისათვის და მიმართული უნდა იყოს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობათა განვითარებისა და მისი ორგანიზმის ფუნქციურ შესაძლებლობათა სრულყოფისაკენ.

გარდა ამისა, ზემოთაღნიშნულ ორ კანონში ჩაიწერა ისიც, რომ საბავშვო ბაღები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი სასმელი წყლით, ცხელი წყლით, კანალიზაციით, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებით; უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვთა სრულფასოვანი და მრავალფეროვანი კვებით და სამედიცინო მომსახურებით.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი დეპუტატი თინა ხიდაშელია.